რომან გოცირიძე - საზოგადოებისთვის თავზე ლაფის დასხმაა, როდესაც პარლამენტში კვლავ იგივე მოსამართლეების გვარები შემოიტანეს

მთელი საზოგადოებისთვის თავზე ლაფის დასხმაა, როდესაც პარლამენტში კვლავ იგივე მოსამართლეების გვარები შემოიტანეს. ეს არის ბოლო სტრატეგიული წერტილი და ამასაც იპყრობს ივანიშვილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით გოცირიძე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიას, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

გოცირიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხის პარლამენტში განხილვას საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოყვება.

„ქართველი ხალხის შეურაცხყოფის პროცესი გრძელდება და ეს არის მთელი საზოგადოებისთვის თავზე ლაფის დასხმა, როდესაც პარლამენტში კვლავ შემოიტანეს იგივე მოსამართლეების გვარები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლაც კი გამოიწვია. შემოაბრუნეს ყველა მთავრობის და ყველა უფროსის მორჩილი და მსახური მოსამართლეები, პროკურორები, დღევანდელი ჯალათები, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, რომლებიც აპატიმრებენ პოლიტიკურ ლიდერებს. ეს ადამიანები მოგვევლინებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. ივანიშვილის პირადი დაქირავებული მოსამსახურე ადვოკატი ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდება. როგორ შეიძლება ხალხმა აიტანოს ამდენი დამცირება და შეურაცხყოფა?! ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური პროცესი. ეს არის მორალური და ზნეობრივი სილის გაწნა საზოგადოებისათვის. ეს მოსამართლეები აქ ცხვირს ვერ შემოყოფენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე სერიოზული პროტესტი იქნება, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. დაიჭირეს პოლიტიკური ლიდერები, სდევნიან ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, მიდის ტელევიზიაზე ზეწოლა, 50-მდე ადამიანი დაპატიმრებულია და ბოლო შეურაცხყოფის სტადია არის ის, რომ თავზე დაგვასვეს ეს მორჩილი და უნამუსო მოსამართლეები. ამის მეტი მხოლოდ ის შეიძლება მოხდეს, რომ ივანიშვილმა მთელი ქვეყანა გადააქციოს საკუთარ შპს-დ. მოსამართლე არის ძალაუფლების შენარჩუნების ბოლო ინსტანცია. ეს არის ბოლო სტრატეგიული წერტილი და ამასაც იპყრობს ივანიშვილი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია წარედგინა. პარლამენტის წინაშე განსახილველად ნომინირებული არიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგაზრ სხირტლაძე , ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე, გოჩა ჯეირანაშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა