თსუ-ში გრიგოლ ფერაძის 120 წლისთავისთვის მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავს მიეძღვნა I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, გრიგოლ ფერაძე იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჰუმანისტურ იდეებს.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ გრიგოლ ფერაძის რანგის ადამიანები გვყავდა საქართველოში, რომელიც გახდა სიმბოლო ევროპეიზმის, სიმბოლო ჰუმანიზმის. ეს არის ერთგვარი სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი იყო კარგი მეცნიერი, კარგი მკვლევარი, პატრიოტი. წმინდა გრიგოლ ფერაძე გახლდათ ის ადამიანი, ვინც იარაღით ხელში შეებრძოლა რუსეთის ოკუპაციას, ებრძოდა მეთერთმეტე არმიას. გასაბჭოების შემდგომ საპატრიარქოსთან არსებული კომისია იძულებული გახდა, რომ იგი გერმანიაში სასწავლებლად გაეგზავნა, სადაც ბევრ უნივერსიტეტში მოღვაწეობდა; ბონის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, შემდეგ გახდა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი და იყო მკვლევარი. გრიგოლ ფერაძე იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჰუმანისტურ იდეებს“, - განაცხადა თსუ -ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი კონფერენციის მონაწილეებს ესაუბრა თუ როგორ ელოდნენ ქართველი ემიგრანტები ევროპაში პირველ ქართველ მღვდელს გრიგოლ ფერაძეს, რომელიც მონათლავდა ემიგრანტთა შვილებს.

„გრიგოლ ფერაძემ ის როლი შეასრულა ქართულ ემიგრაციაში, რასაც მუდამ ასრულებდა ქართული ეკლესია საქართველოს ისტორიაში - შეინახა ქართული იდენტობა, ქართული სული. მან თავისი მაგალითით, ღირსებით, განათლებით, თავისუფლებით გვაჩვენა, თუ როგორ შეეეჭიდა ტოტალიტარულ სისტემას. ამიტომ გვჭირდება ასეთი ფიგურები ჩვენს ისტორიაში. გრიგოლ ფერაძე იყო ნამდვილი ევროპელი, ნამდვილი ქართველი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„გრიგოლ ფერაძე არ იყო მხოლოდ ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება, ის მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის ისტორიისთვის. ის იყო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი მკვლევარი, მხარს უჭერდა ქართულ დიასპორას. გერმანული ოკუპაციის დროს მან გამოავლინა პრინციპულობა. ის ძალიან დიდ ადამიანად ითვლება პოლონეთში. გვახსოვს ეს ადამიანი, გვახსოვს მისი საქმიანობა. ვიმედოვნებ, რომ მისი სამეცნიერო საქმიანობა ისევ გაგრძელდება ქართული და პოლონური თანამშრომლობით,“ - აღნიშნა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა.

თსუ-ს ინფორმაციით, კონფერენციაში 50-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობს საქართველოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, საქართველოს საპატრიარქო, წმიდა გრიგოლ ფერაძის კავშირი.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო ურთიერთობის გაღრმავება ევროპასთან, პირველ რიგში კი, ვარშავის უნივერსიტეტთან და დაარსება მუდმივმოქმედი ფორუმისა, რომელიც მიეძღვნებოდა ქართველოლოგიურ კვლევებს და დაუკავშირდებოდა იმ დიდი პიროვნების, წმინდანის სახელს, რომელიც იყო წარმოშობით ქართველი და ცხოვრების წესით ევროპელი და ვისი დამსახურებითაც ევროპამ ბევრი რამ შეიტყო საქართველოს სიძველეთა შესახებ. ეს ფორუმი იქნება მუდმივმოქმედი, წარმატებული და ხელს შეუწყობს საქართველოს და ქართველი ერის უკეთ გაცნობას დასავლეთში“, - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი ჭეიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, წმ. გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამილა მგალობლიშვილს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია მიანიჭა.

„კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება და დაიხურება წმინდანის დაბადების დღეს, 13 სექტემბერს ბაკურციხეში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის