სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ფერაძე პირველად პოლონეთმა აღიარა, ესეც ჩვენი ჩვევაა, რომ გვიჭირს აღიარება

გრიგოლ ფერაძე პირველად პოლონეთმა აღიარა. ესეც ჩვენი ჩვევაა, რომ გვიჭირს აღიარება, გვიჭირს ჩვენში ნამდვილი ძალის დანახვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც გრიგოლ ფერაძის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოსა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვა, გრიგოლ ფერაძის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

,,ჩემთვის გრიგოლ ფერაძე მხოლოდ მითიური სახე არ არის, ეს იმ ისტორიის ნაწილია, რომელშიც აღვიზარდე. გრიგოლ ფერაძეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი კვალი ქართულ ემიგრაციასა და ქართულ ეკლესიაში ძალიან ძლიერია. მან ემიგრაციაში ის როლი შეასრულა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში მუდმივად ასრულებდა ქართული ეკლესია - გამაერთიანებლის, რწმენის გაძლიერებისა და ქართული იდენტობის შენარჩუნების. საქართველოს დამოუკიდებლობის ამ სიმბოლოების შენარჩუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უცხოეთსა და ემიგრაციაში. ეს დაიწყო გრიგოლ ფერაძით და გრძელდება დღემდე. გრიგოლ ფერაძე ჩვენი ქვეყნისათვის ღირსებისა და თავდადების მაგალითია. ის გვასწავლის, როგორ შეიძლება შეეჭიდო და გაუძლო ტოტალიტარულ სისტემას. ჩვენ ირგვლივ ძალიან ძნელია სამაგალითო ადამიანების დანახვა. ამიტომ სჭირდება ჩვენს ისტორიას ასეთი ფიგურები არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ საზოგადოებაშიც, რომ ნამდვილ მაგალითებზე გაიზარდოს ერი. ისიც უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ფერაძე პირველად პოლონეთმა აღიარა. ესეც ჩვენი ჩვევაა, რომ გვიჭირს აღიარება, გვიჭირს ჩვენში ნამდვილი ძალის დანახვა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ პოლონელებს, რომლებმაც პირველებმა დაინახეს, თუ რა ფასეულობა იდო ამ პიროვნებაში და როგორ შეიძლებოდა მისი ცხოვრების გაკვეთილის შენახვა. პირველებმა მათ დაბეჭდეს მისი ნაწერები. გრიგოლ ფერაძესთან არ შეიძლება არ ვახსენო თამილა მგალობლიშვილი, რომელმაც გააცოცხლა გრიგოლ ფერაძე და მუშაობდა მის ნაწერებზე. ალბათ, დრო გავა და უფრო დაფასდება ის უზომო ღვაწლი, რომელიც თამილა მგალობლიშვილს მიუძღვის ქართულ არქეოლოგიაში, ისტორიაში და გრიგოლ ფერაძესთან მიმართებით.

დღევანდელი კონფერენციის თემა - ,,საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ ძალიან ლოგიკურია, რადგან ეს იყო გრიგოლ ფერაძის პირდაპირი ინსპირაცია, რაზეც ის მუშაობდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპას ვუბრუნდებით სწორედ ამ ჩვენი ქრისტიანული ცივილიზაციით და არა მის გარეშე, რადგან ევროპა ქრისტიანული ცივილიზაციაა, ეს არის ერთ-ერთი ის, რაც გვაერთიანებს. გრიგოლ ფერაძე იყო არაჩვეულებრივი ევროპელი, ევროპელი თავისი ქრისტიანობით, თავისი კულტურით, თავისი განათლებით და რაც მთავარია თავისი თავისუფლებით“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის დირექტორი იან მალიცკი, შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია.

ამასთან, კონფერენციაში მონაწილეობს 50-ზე მეტი მომხსენებელი საქართველოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო