მამუკა არეშიძე ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენებზე - ხელისუფლება უნდა მუშაობდეს კულუარებში და საერთაშორისო პარტნიორებთან

მესმის საზოგადოების გაღიზიანება იმის გამო, რომ ხელისუფლება საჯარო სივრცეში აქტიური არაა, მაგრამ მეორე მხრივ, განცხადებებით ეს სიტუაცია არ შეიცვლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას განაპირას, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მეორე საგუშაგოს მშენებლობაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც არეშიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ხელისუფლება მუშაობდეს კულუარებში და საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს მუშაობს თუ არა შესაბამისი მიმართულებით ხელისუფლება, კულუარებში საერთაშორისო პარტნიორებთან ან თუნდაც მოსკოვთან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მოსკოვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელსაც განუხრელად აგრძელებს. ის ყოველთვის რეაგირებს იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩნდება საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მოქმედებს. მაგალითად, რასმუსენის განცხადება ამ ტიპისაა. მე იმას არ ვამბობს, რომ მისი განცხადების გამო დაიწყეს მშენებლობა, რომელიც ალბათ, გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში არგაწევრიანება, აქედან გამომდინარე ყველა ეს ქმედება ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საგუშაგოების მოწყობას ორ ლოკაციაზე აგრძელებენ. ხაშურის მერის წარმომადგენლის, ვაჟა ლომიძის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ლოკაციებზე ხის ფარდულები დადგეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა