„ევროპული საქართველომ“  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის გამართული რამდენიმესაათიანი დისკუსია იმის განხილვას დაეთმო, თუ რა სამუშაო უნდა გასწიოს ჯგუფმა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათ შესახებ დოკუმენტაცია უნდა შეისწავლოს.

„ევროპული საქართველოს“ წევრებისა და დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებით, სამუშაო ჯგუფი კანდიდატების შესახებ მხოლოდ ფორმალური და ტექნიკური საკითხების მოკვლევით არ უნდა დაკავდეს. როგორც სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის გარდა, სამუშაო ჯგუფმა კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შესახებაც უნდა იმსჯელოს და საკუთარი მოსაზრება წერილობით მოამზადოს. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა მხოლოდ ისეთი ტექნიკური საკითხები არ უნდა შეისწავლოს, როგორიც არის კანდიდატის ასაკი, განათლება და სამუშაო გამოცდილება.

„თუ არის საუბარი ფორმალურ შესაბამისობასა და ტექნიკური მახასიათებლების შემოწმებაზე (ასაკი, დიპლომი, განათლება, სამუშაო გამოცდილება და ა.შ.), თუ ეს უნდა გააკეთოს სამუშაო ჯგუფმა, ეს არც დეპუტატების საქმეა, არც მეცნიერებათა აკადემიიდან მოწვეული პროფესორის და არც დეკანის. საუბარი, რომ სამუშაო ჯგუფმა შეამოწმოს კანდიდატს დიპლომში უწერია თუ არა სამართალმცოდნე, ჩემი აზრით, რეგლამენტის არასწორი წაკითხვაა. კანონდებლობასთან შესაბამისობა ნიშნავს იმ კრიტერიუმებთან შესაბამისობას, რომელსაც ასევე, კანონმდებლობა ადგენს: კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. არის თუ არა კეთილსინდისიერი, არის თუ არა კომპეტენტური და შეესაბამება თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს - ამაზე სამუშაო ჯგუფმა თავის მოსაზრებას თითოეულ კანდიდატზე შეიმუშავოს და კომიტეტის წევრებს წარუდგინოს. ამას სავალდებულო ხასიათი არ ექნება, დამხმარე ფუნქციის მატარებელი იქნება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, სამუშაო ჯგუფის ფუნქცია კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენაა და არა მათი შეფასება რომელიმე მახასიათებლის მიხედვით. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანდიდატების შეფასება კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მიხედვით კომიტეტის პრეროგატივაა და არა სამუშაო ჯგუფის.

„კანონდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და კანდიდატის შეფასება ერთმანეთისგან განსხვავდება. თქვენ ფიქრობთ, რომ გამოცდილება, დიპლომი, ასაკი არაფერს არ ნიშნავს? კანდიდატების შეფასებას ახდენს კომიტეტი. სამუშაო ჯგუფს არ აქვს დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების უფლებაც კი. სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ასეთი ფუნქცია არ აქვს, როგორ უნდა შეაფასოს კანდიდატი კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაში ისე, რომ არც კი მოუსმინოს მათ. კანდიდატებთან მოსმენას კი კომიტეტიდან სამუშაო ჯგუფში ვერ გადავიტანთ. ამას არ იცნობს რეგლამენტი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ „ევროპული საქართველოს“ მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა, ოპოზიციურმა ფრაქციამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„მე არანაირი სურვილი არ მაქვს დიპლომი და სამუშაო სტაჟი ვამოწმო ამ ჯგუფში. „ევროპული საქართველო“ არ აპირებს ამგვარ ტექნიკურ ჯგუფში მონაწილეობის მიღებას,“ - აღნიშნა კახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა