ეკონომიკის სამინისტროში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინსა და მისიის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფონდის მისია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის მიზანი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობის განხილვაა.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს მაკროეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა. სავალუტო ფონდის მისიის წევრებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარება დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის უზრუნველყოფა. ასევე აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოს ექნება გახსნილი, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული მარეგულირებელი ბაზით.

შეხვედრის დასასრულს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა მის ფარგლებში გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულებაზე.

შეხვედრას ასევე დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო