ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესში ამერიკული მოდელით მივდივართ და ის არასამთავრობოების ჩართულობას არ ითვალისწინებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესში ჩვენ ამერიკული მოდელით მივდივართ - ამერიკული მოდელი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას არ ითვალისწინებს, - ასე ხსნის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების არმიწვევის მიზეზს.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის რეგლამენტით სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო სექტორის ჩართვის ვალდებულება არ არსებობს.

„ამერიკული მოდელით უზრუნველყოფილია ის, რომ პროცესს მხოლოდ პარლამენტის წევრები - სენატორები წარმართავენ, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით და პროცესი კიდევ უფრო მეტად გავხსენით იმ თვალსაზრისით, რომ სამუშაო ჯგუფში სამეცნიერო სფერო და პროფესიული გაერთიანებები ჩავრთეთ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს შევთავაზე და უზრუნველყოფილი იქნება, რომ ისინი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში ჩართული იქნებიან - მე მათ მივცემ მოსამართლეობის კანდიდატებისათვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მან აქვე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფში მუშაობა შესთავაზეს დარგის სპეციალისტებს, მათ შორის აკადემიკოს ჯონი ხეცურიანსა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს თამარ ზარანდიას. სამუშაო ჯგუფში ასევე ჩართული იქნება იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე შეთავაზება მიიღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა, მაგრამ ოხანაშვილის ცნობით, ჯგუფში მუშაობას ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლებენ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატების განხილვისა და მათთან გასაუბრების პროცესი იწყება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 20-კაციანი სია და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია პარლამენტს გასულ კვირას გადაუგზავნა. გუშინ კი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.

სამუშაო ჯგუფისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრა. 10 დღის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან ინდივიდუალურად გასაუბრების პროცესი დაიწყება.

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის ცნობით, კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაცია კომიტეტის ყველა წევრს უკვე გადაეგზავნა და დღესვე, პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით გასაჯაროვდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა