ზაზა ფირალიშვილი - ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხაზარაძეს სახსრები არ ჰქონოდა, რათა დიდი და მასშტაბური ღონისძიებისთვის გაეწია ორგანიზება

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხაზარაძეს სახსრები არ ჰქონოდა, რათა დიდი და მასშტაბური ღონისძიებისთვის გაეწია ორგანიზება, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ პრეზენტაციის შესახებ საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, ხელისუფლებას შეუძლია, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას ხელი შეუშალოს, „ბორბლებში ჯოხი ჩაურჭოს, რომ ვერ იმოძრაოს“, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს საზოგადოებრივი აზრი წყვეტს.

„მოლოდინი შეიძლება მართლაც არსებობდა, რომ ეს ყველაფერი გრანდიოზული იქნებოდა, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ სახსრები არ ჰქონოდა ხაზარაძეს საიმისოდ, რომ დიდი და მასშტაბური ღონისძიებისთვის გაეწია ორგანიზება. იმ მასშტაბებს, რაც ახლა ვიხილე, საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა დასჭირდებოდა, რომ ეს გაეკეთებინა. ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ ამ მოძრაობამ მასშტაბები არ შეიძინოს. დამიჯერეთ, ვერაფერს იზამს ხელისუფლება, თუ რეალურად ექნება ამ მოძრაობას მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და თუ საზოგადოება იგრძნობს, რომ ეს მოძრაობა სწორედ მის ყველაზე დიდ სატკივარს, ყველაზე დიდი საფიქრალს პასუხობს,“ - განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირების შედეგად, ჩიხი არსებობს. ფილოსოფოსის შეფასებით, ამ ფონზე ნიადაგი ძალზე ნოყიერია იმისათვის, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა გაჩნდეს, რომელიც სერიოზულ გავლენა მოახდენს პროცესებზე.

„იმედი მაქვს, რომ ამ მოძრაობის სახით კიდევ ერთი სერიოზული ძალა გაჩნდება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, თუ რა ჭაობს დაემსგავსა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება და რა ავსულებმა გაიღვიძეს... თუ არ ვცდები, 14-ში თუ 15-ში აპირებენ აქციას ამერიკის საელჩოსთან საქართველოს დეკოლონიზაციის მოთხოვნით. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ გამოცოცხლდეს ქართული პოლიტიკური ცხოვრება და გაჩნდნენ ახალი ავტორები, რომლებისგანაც ამა თუ იმ ხარისხით მაინც რაციონალურ აზრს, ქვეყანაზე ზრუნვას ველით,“ - განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა