კახა კალაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ახლად მოწყობილ გზაგამოყოფ ზოლზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, არსებულ სივრცეში 150 ძირამდე აღმოსავლური ჭადარი, ლიქვიდამბარი და არღავანი ირგვება. ადგილზე უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა.

დედაქალაქის მერის თქმით, ახლად გამწვანებული ზოლი მეტროს შახტის ადგილზე მოეწყო და ვაჟა-ფშაველას სკვერს აგრძელებს.

„იქ, სადაც ახლა ავტომობილები გადაადგილდება, წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო მოძრაობა, რადგან განთავსებული იყო მეტროს გამნიავებელი შახტი. ავტომობილებს ამ კონკრეტული მონაკვეთისთვის გვერდის ავლა უწევდათ და გზა ფიზიკურად არ არსებობდა. ჩვენ ყველაფერი მოვაწესრიგეთ, შახტიც შევინარჩუნეთ და გადმოტანილია გამწვანებული ზოლის ცენტრალურ ნაწილში. ამ მონაკვეთზე, რომელიც, ფაქტობრივად, გაგრძელებაა ვაჟა-ფშაველას ლამაზი, გრძელი სკვერის, მიმდინარეობს ხე-მცენარეეების რგვა, გაზონის მოწყობა. უახლოეს დღეებში ბილიკის მოწყობის სამუშაოები ჩატარდება და კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სივრცე შეემატება ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ადგილზე სამი სხვადასხვა ჯიშის ხე ირგვება.

„დღეს ირგვება 150 ძირი ხე. ძალიან მალე ვაჟა-ფშაველას კვარტლებს და გამზირს ექნება ისეთი გამწვანებული ტერიტორია, რომელიც დამატებით ღირებულებას შესძენს მთელ ამ უბანს. ირგვება სამი ჯიშის ხე, მათ შორის, 6-მეტრიანი ჭადრები. ვფიქრობ, ეს პროექტი უნიკალური იქნება იმ ხეივნის გაგრძელების თვალსაზრისით, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე იყო“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო