დავით უსუფაშვილი - ბიძინა გასაშვებია, მიშა არ არის მოსაშვები

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სწორი ნაბიჯია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები კონსტიტუციაში აისახოს. მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში ხარვეზებია, მაგრამ დღეს აქ განვაცხადე, რომ მზად ვარ, თვალი დავხუჭო ამ ხარვეზებზე, რადგან თავად სისტემა გვაქვს კონსტიტუციურად გასამაგრებელი, - ამის შესახებ თელავში, კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მან „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა, რომ სერიოზულად მოეკიდონ მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებს.

„კონკრეტულად, ერთიანი პარტიული სია, როგორ უზრუნველყოფს რეგიონულ წარმომადგენლობას და 0 %-იანი ბარიერიდან ისევ 5%-ს რატომ უნდა დავუბრუნდეთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ. მმართველ მთავრობასთან ჩემი წინადადებაა, რომ ამ არჩევნებისათვის მივიღოთ ის ვერსია მძიმე- წერტილის შეუცვლელად, რაც მათ შემოგვთავაზეს , მაგრამ აქვე შევთანხმდეთ პოლიტიკურად და გადავდგათ სამართლებრივი ნაბიჯები, რომ 2020 წლის შემდგომი არჩევნებისთვის ჩვენ გვქონდეს მრვალმანდატიანი ოლქები, სადაც მაგალითად, კახეთში ყველა პარტია 10- 12 კანდიდატიან სიას წარმოადგენს და კახეთის მოსახლეობას საშუალება ექნება ამ წარმოდგენილი სიებიდან აარჩიოს ვინც მოსწონს. შედეგად, თითოეულ თელაველს, სიღნაღელსა და გურჯაანელს პარლამენტში ეყოლება 10-12 წარმომადგენელი, რომელიც კახეთიდანაა არჩეული. ამ 12-დან 4-5 შეიძლება იყოს ერთი პარტიიდან და ა.შ . ანუ, ვინმე მაინც გამოადგება აქაურ ამომრჩეველს მისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში და ეს ადამიანები ორიენტირებული იქნებიან რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პრობლემებზე. ამ საკითხზე შესაძლებელია და ახლავე საჭიროა პოლიტიკური შეთანხება , რომ კონსტიტუციური საკითხები ისე წავიყვანოთ, რომ 2020 წლის შემდეგ ჩვენს მოსახლეობას მყარი გარანტია ჰქონდეს, რომ არჩევნებს ასეთ სისტემაში ჩავატარებთ. ეს არის ჩემი წინადადება, მე მგონი, ეს იქნება ის კომპრომისი, რომელიც ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს სამოქალაქო მშვიდობისაკენ და დაამთავრებს ამ სამოქალაქო დაპირისპირების 30-წლიან ეპოქას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ მიმართვას ოპოზიციური პარტიებისადმი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარი თქვან.

„ჩვენი, „შენების მოძრაობის“ პოზიცია ძალიან მკაფიო იყო საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ. ჩვენ ვამბობთ, ივანიშვილის ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილის გუნდის უკან მობრუნებით. ანუ ბიძინა გასაშვებია, მიშა არ არის მოსაშვები. ჩვენი პოლიტიკური კონცეფცია ამ ფორმულაშია. ასე მოვიქცევით არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ძალიან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქვეყანას სიახლე სჭირდება და არა ის, თუ რომელი ყოფილი, თუ დღევანდელი ხელისუფლება უნდა დარჩეს ისევ ამ ქვეყანაში სამუდამოდ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა