არჩილ თალაკვაძე - რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას მილიტარისტულ რიტორიკას სთავაზობს, საქართველო კი სიკეთეებით სარგებლობას

რუსეთის ფედერაციას აქვს თავის დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს ოკუპაციის კიდევ უფრო განმტკიცებას, საქართველოს დემოკრატიული მიღწევებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და უსაფრთხოებისთვის პრობლემების შექმნას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მილიტარისტულ რიტორიკას სთავაზობს, საქართველო კი იმ სიკეთეებით სარგებლობას, რომელიც ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი.

„იარაღის ჟღარუნის გარდა იქიდან არაფერი ესმის დანარჩენ მსოფლიოს, მაშინ როცა საქართველო ვითარდება ეკონომიკურად, აქვს ახალი სოციალური დაცვის მექანიზმები, ახალი ინფრასტრუქტურა, უვიზო რეჟიმი და რეფორმირების პროცესში მყოფი განათლების სისტემა.

ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრებენ ოკუპირებულ რეგიონებში შევთავაზეთ, რომ ამით ისარგებლონ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან არავითარი ენთუზიაზმი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, ხოლო რუსეთის ფედერაცია ცდილობს პირდაპირ დაბლოკოს ეს ინიციატრივები,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პრობლემების წინაშე საქართველო მარტო არ არის და მას გვერდით უდგანან საერთაშორისო პარტნიორები.

„საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნასში, რომ გაწევრიანდეს ნატო-ში. როდის იქნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ეს დამოკიდებულია ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებზე და ნატო-ს კოლექტიურ გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველო არ შეწყვეტს განვითარებას და სხვა ვერავინ მის მომავალს ვერ შექმნის.

„ჩვენს ქვეყანას ვაკონტროლებთ ჩვენ და გვაქვს საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება უზრუნველყოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა