აზერბაიჯანული მხარის ძალისხმევით და საქართველოს საელჩოს ჩართულობით, კახის რაიონში ახალი თანამედროვე სკოლა გაიხსნა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში საზეიმოდ გაიხსნა ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 16 სექტემბრიდან, სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის 160 მოსწავლე, ახალ სასწავლო წელს შეუდგება თანამედროვე სტანდარტების შენობაში.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად, შესაბამისი თანხა გამოიყო სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან.

საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვა წარმატებები სწავლა-განათლების პროცესში.

ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ქვეყნის განათლების სისტემის მესვეურებს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის პრობლემის მოგვარება შეიძლება შეფასდეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო კაბინეტები, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს.

უახლოეს მომავალში, საქართველოს საელჩოს თაოსნობით დაგეგმილია შენობის სასკოლო ტექნიკით აღჭურვა.

სკოლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევი, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, კახის რაიონის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს