ზაზა გაბუნია - პროპორციული სისტემა არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის

პროპორციული სისტემა არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის, ამით, პოლიტიკა ფეთქებათობიდან გადავა მშვიდ, საქმიან და პროფესიონალურ სტანდარტებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, საქართველოს საარჩევნო თვალსაზრისით დიდი ტრადიციები აქვს, საუკუნეზე მეტი ხნის წინ საქართველოში არჩევნები ტარდებოდა მაღალი სტანდარტებით, სადაც როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობდნენ როგორც კაცები, ისე ქალები და უმცირესობები.

„დღეს კი თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ნაბიჯი რომელსაც დემოკრატიის სასარგებლოდ ხელისუფლება ვდგამთ, არის ისტორიული და უაღრესად სასარგებლო ქვეყნის ყველანაირი განვითარების გზაზე, რადგან დემოკრატიის ხარისხი თავს იჩენს ცხოვრების ყველა სფეროში.

ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც უნდა მოიქცეს ეროვნული ხელისუფლება - ქვეყნის შენების საქმისთვის ვეძახით ყველას, ვისაც ამის შნო აქვს და ამისთვის გარჯა შეუძლია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკა არ იყოს დეპრესიული, რომ ის გახდეს უფრო საქმიანი და პარტიებმა უპასუხონ საზოგადოების დაკვეთას, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის შენების საქმეში.

ეს არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის. ამით, პოლიტიკა ფეთქებათობიდან გადავა მშვიდ, საქმიან და პროფესიონალურ სტანდარტებზე, რადგან ხალხს სჭირდება არა ხმის ჩახლეჩამდე მყვირალა პოლიტიკოსები, არამედ საქმის მკეთებლები. საქმე კეთდება პარლამენტში და ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად გაზრდის პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის მნიშვნელობას, შედეგად ქვეყანა ხდება უფრო მშვიდი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამომრჩეველი, რომელიც უაღრესად დიდ პატივს სდებს პოლიტიკურ ძალას, მიდის და მის სახელს შემოხაზავს ბიულეტინში, იმსახურებს მისი ინტერესებისთვის ბოლომდე დაიხარჯოს პოლიტიკური ძალა, რომ მოემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესს.

„ამ გადაწყვეტილების შედეგი იქნება პოლიტიკური სუბიექტებისთვის მაქსიმალურად თანასწორი საარჩევნო პირობების უზრუნველყოფა. ყველაფერი იზომება, მით უმეტეს მხარდაჭერა და ეს აქტი იძლევა შესაძლებლობას, რომ პრაგმატულად, რაციონალურად იქნას წარმართული პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, რაც ქვეყნის ყველა გულშემატკივრის მიზანია. ამასთან ერთად, ამ იდეას აქვს თავისი პრაქტიკული უპირატესობებიც, მაგალითად ხარჯების დაზოგვა, რადგან აღარ გახდება საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა და სხვა. ამ გარემოებების გათვალისწინებით ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და გილოცავთ ყველას რომ ქართული დემოკრატიის ახალ საფეხურზე ასვლის მონაწილეები ხართ“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეხვედრაში, რომელიც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებმა, ოპოზიციური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს.​

ღონისძიებაზე ზაზა გაბუნიას გამოსვლის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა