სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება" პრორუსულ განწყობებს  აღარც მალავს

„ქართული ოცნება" აღარც მალავს თავის პრორუსულ განწყობებს. ეს დადგენილება ძალიან მარტივი ტესტია, ვის რა პოზიცია უჭირავს პარლამენტში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კაპანაძე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას, რომ უმრავლესობა „ევროპული საქართველოს" ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა იმდენად საღი აზრის ფარგლებშია, რომ წარმოუდგენელია, პატრიოტმა ადამიანმა მის წინააღმდეგ ხმა როგორ უნდა მისცეს.

„ქართული ოცნება" უკვე აღარც მალავს თავის პრორუსულ განწყობებს, ღიად ახვევს საზოგადოებას თავს, რომ თვითონ არიან კრემლის და მოსკოვის ტალღაზე. სწორედ ამის გამოვლინებაა ბატონი ვოლსკის განცხადება. ეს დადგენილება რეალურად მიზნად ისახავს, რომ მთავრობას ანტისაოკუპაციო მიმართულებით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდოს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმში საქართველოს თემატიკა და ასევე, ის კომპანიები ჩაერთოს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ. ეს ძალიან მარტივი ტესტია იმისა, თუ ვის რა პოზიცია უჭირავს საქართველოს პარლამენტში. ნიშანდობლივია, რომ „ქართულმა ოცნებამ" წინმსწრებად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ არ აპირებს ამ დადგენილებას მხარი დაუჭიროს.

20 ივნისის მერე არავის ეპარება ეჭვი „ქართული ოცნების" პრორუსულ განწყობებში. თუმცა, ეს დადგენილება იმდენად საღი აზრის ფარგლებშია და იმდენად ყველასათვის მისაღები ფორმულირებებია, რომ სრულიად წარმოუდგენელია, საქართველოს პატრიოტმა ადამიანმა მის წინააღმდეგ მისცეს ხმა,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

დადგენილების პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა