საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუ „ფრესკო“ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით გამოვლენილ დარღვევებს არ გამოასწორებს, დაჯარიმდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თუ „ფრესკო“ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით გამოვლენილ დარღვევებს არ გამოასწორებს დაჯარიმდება.

„თუ კომპანია გამოვლენილ დარღვევებს არ გამოასწორებს, მის წინააღმდეგ ამოქმედდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები“ ,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუატიაციების მართვის სამსახურში „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვალის სოფრომაძის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადეს, რომლის თანახმადაც სოფრომაძე არ აპირებს უწყების მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

უწყების მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ და შპს „ფრესკო თრეიდ ჰაუსის“ სავაჭრო ცენტრების ობიექტებზე სახანძრო-ტექნიკური შემოწმება მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა და დარღვევების აღმოსაფხვრელად, კომპანიებს სირთულის და რისკების მიხედვით, განსაზღვრული აქვს ვადა სამიდან ათ თვემდე.

ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ვასილ სოფრომაძის პრეტენზია, თითქოს მაღაზიათა ქსელ „ფრესკოში“ სახანძრო უსაფრთხოების შემოწმება მოძველებული და რუსული სტანდარტით ხდება, არ შეესაბამება სიმართლეს.

„შემოწმება ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და პროცესს ესწრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები, რომელთაც რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო აქტებითა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტი მსგავსი ტიპის შემოწმებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით და „ფრესკო“ არ არის გამონაკლისი. შემოწმების მიზანი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ზომების მიღებაა“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

რაც შეეხება კონკრეტულად დარღვევებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებისას გამოვლინდა, უწყების ინფორმაციით, გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: არ არის მოწყობილი სავაჭრო ცენტრების საევაკუაციო გზებზე ავარიული განათებები; სავაჭრო ცენტრებში სრულად არ არის დამონტაჟებული ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები, ხოლო არსებული მოითხოვს შეკეთებას; გამოსულია მწყობრიდან ხმოვანი და ტექსტური მაუწყებლობის სისტემები; სავაჭრო დარბაზებში და მიწისქვეშა ავტოსადგომებზე არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემები; მიწისქვეშა ავტოსადგომებზე არ არის დამონტაჟებული ავტომატური ქრობის სისტემა; განგაშის შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული საერთო მიმოცვლის სავენტილაციო სისტემის გათიშვა; სავაჭრო ცენტრების ზოგიერთ სათავსოში ელ. მეურნეობა არ შეესაბამება ელ. დანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნებს; შენობების დამხმარე სათავსოები ჩახერგილია წვადი მასალით და სხვადასხვა სახის ინვენტარით; სავაჭრო ცენტრების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე და მათ შეკეთებაზე არ არის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები;პერსონალს არა აქვს გავლილი სწავლებები სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ როგორც „ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართავში განაცხადა, ის არ ეთანხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი შემოწმების აქტს და ეს შემოწმება საბჭოთა კავშირში არსებულ ნორმებზე დაყდნობითაა მომზადებული.

„ საბჭოთა კავშირში არსებობდა წესები და ჩვენს მთავრობას მიღებული აქვს არარსებული ნორმა, თუ რაიმე გინდოდათ აგეღოთ, აგეღოთ იმ ქვეყნიდან, საითკენაც მივდივართ და არა არარსებული ქვეყნიდან. დღეს ამ ნორმებზე დაყრდნობით სახანძრო სამსახურმა წარმოგვიდგინა მათი შემოწმების აქტი, რომელსაც ჩვენ ფიზიკურად ვერ გავაკეთებთ, რადგან კონსტრუქციებს შევასუსტებთ. არ ვაპირებ ამის გაკეთებას, ვაპირებ სასამართლოში სარჩელის შეტანას,”-აცხადებს სოფრომაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო