საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში, თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

უწყების ცნობითვე, მხარეებმა განიხილეს მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს განვითარებულ უკანონო და პროვოკაციულ პროცესებს. აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს. განხილულ იქნა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებები. ხაზი გაესვა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, კიდევ უფრო ძაბავს ადგილზე არსებულ ისედაც მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ქმნის ვითარების ესკალაციის საფრთხეს. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ასევე სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების გახშირებული შემთხვევებზე.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები. აღინიშნა, რომ გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებენ უცხოელებად დარეგისტრირებასა და ეთნიკური იდენტობის შეცვლას. ხაზი გაესვა ასევე ახალგორში მცხოვრები ადამიანების, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების უხეშად შელახვის ფაქტებს.

ქართულმა მხარემ კვლავ მწვავედ დააყენა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. აღინიშნა, რომ აუცილებელია, დროულად მოეფინოს ნათელი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საქმეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები, როგორიცაა: ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ არსებული რთული ვითარება ნათლად წარმოაჩენს დღის წესრიგის მთავარ თემებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რაც მთავარი წინაპირობაა ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების თანახმად განახლების აუცილებლობას.

ლაშა დარსალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი საქართველოს ერთგულება და თანათავმჯდომარეებს მიმართა ძალისხმევის შემდგომი გაძლიერების თხოვნით, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების გზით შესაძლებელი გახდეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა