ლორა თორნტონი კვლევებზე - ეს ყველაფერი აგზავნის მკაფიო მესიჯებს ქვეყნის ლიდერებთან, რომ საჭიროა მუშაობა ჯანდაცვის მიმართულებებზე და ეკონომიკური ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებაზე

"ეს ყველაფერი აგზავნის ძალიან მკაფიო მესიჯებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ქვეყნის ლიდერებთან, რომ საჭიროა მუშაობა ჯანდაცვის მომსახურების ფასებზე და ასევე ეკონომიკური ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებაზე", - ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

"ჩვენი ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მთავარი მიგნებები არის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ კვლევებში დაფიქსირებულა და ეს ძალიან მჭიდროდ უკავშირდება იმას, რომ მოსახლეობა ეკონომიკას აფასებს ძალიან ნეგატიურად. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან კარგი და არ არის ეს გასაკვირი, რადგან ტოპ საკითხებად კვლავ ეკონომიკური საკითხები რჩება - მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების ჩამონათვალში. ისეთი როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობა, ფასების ზრდა და სხვა. საინტერესოა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ძალიან სიღრმისეული ანალიზის შედეგად ძალიან მჭიდრო კოროლაცია დადგინდა ორ რამეს შორის: ერთი მხრივ, ლარის დოლართან მიმართებაში კურსი და მეორე მხრივ, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ასევე საინტერესოა ის, რომ მოსახლეობის თითქმის უდიდესი ნაწილი პასუხისმგებლობას ეკონომიკაზე ანიჭებს ხელისუფლებას და არა რაიმე ტიპის გარე ფაქტორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგი თუ ცუდი რაც ხდება ეკონომიკაში, საბოლოო ჯამში, მიეწერება ხელისუფლებას. ასევე მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ საზოგადოება საკმაოდ დაჯერებული არის, საკამოდ ნდობით არის გამსჭვალული ჯანდაცვის სისტემის მიმართ. ფიქრობენ, რომ მისაწვდომი და ხელმისაწვდომია მათთვის, თუმცა მოსახლეობისთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ფასები, როგორც სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე წამლებზე. ეს ყველაფერი აგზავნის ძალიან მკაფიო მესიჯებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ქვეყნის ლიდერებთან, რომ საჭიროა მუშაობა ჯანდაცვის ამ მიმართულებაზე, ასევე ეკონომიკური ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავება და იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემებისკენ მიმართვა, რომელსაც საზოგადოება ასახელებს. ძალიან კარგი ამბავია, რომ ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია, რაც შეეხება მეორე ნაწილის პრეზენტაციას, ხუთშაბათს გაიმართება და წარმოვადგენთ, როგორც ინსტიტუტების შეფასებას, ასევე პარტიების მხარდაჭერას, მომავალ არჩევნებზე ხმის მიცემის კითხვებს და ასევე მიმდინარე მოვლენებზე კითხვებს. მნიშვნელოვანია, რომ ივლისში ჩატარდა საველე სამუშაოები და ბუნებრივია, 20 ივნისის მოვლენები მომხდარი იყო, თუმცა კაბინეტის ცვლილებები არა იყო და ეს უნდა გავითვალისწინოთ",- განაცხადა ლორა თორნტონმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები, 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 2,131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.7 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს