სერგი კაპანაძე უმრავლესობას - თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში, როგორც არასოდეს გაძლიერდნენ პროპუტინური ძალები

ბატონო დიმიტრი, თქვენ ახლა შეეცადეთ აგეხსნათ ჩვენთვის, რატომ ხართ პროევროპული ძალა. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, ალბათ, იმის გამოც, რომ ემოციურად საუბრობთ, მაგრამ მე შევეცდები აგიხსნათ, თქვენ რატომ ხართ პრორუსული ძალა,- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს დიმიტრი ცქიტიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სერგი კაპანაძის განცხადებით „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა და ამის თქმის ბევრი მიზეზი არსებობს.

„თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში, როგორც არასოდეს გაძლიერდნენ პროპუტინური ძალები, ერთ-ერთი ახლა გამოდიოდა პოდიუმიდან {პატრიოტთა ალიანსი}, თქვენ მოახვედრეთ პარლამენტში, თქვენ გააძლიერეთ, თქვენ მიეცით ფული, თქვენ შეაქმნევინეთ ფრაქცია, იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებთ ისეთ გამოცემებს, რომლებსაც აქვთ რუსული „მესიჯბოქსი“, პირდაპირ ქადაგებენ და ღაღადებენ იმას, რომ პუტინი არის კარგი, დასავლეთი ცუდი, უმცირესობის უფლებები უნდა შეილახოს, თქვენ უხდით მათ პირდაპირ ფულს.

კიდევ იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაჩნდა ნარატივი თქვენს მიერ, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ისეთი პრეზიდენტი დაგვისვით, რომელიც ამ გზავნილს იმეორებდა. თქვენს უმრავლესობას, რომელსაც გგონიათ, რომ საგარეო პოლიტიკაში ექსპერტები ხართ, ეს სიტყვები გაქვთ ნათქვამი. ხან იმას გვაბრალებთ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თურმე, ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია ასე, ხან თურმე ტალიავინმა დაადასტურა, ყველაფერი ეს არის ტყუილი. იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ ის, რაც თავის დროზე ივანიშვილმა დაწერა და თქვა, რომ უნდოდა გაექრო საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველო, ეს მაშინ სიტყვები იყო და ეს თქვენ შეასრულეთ. სიტყვა არ არის პრორუსულობა, ამის შესრულება არის, საქმე არის პრორუსულობა, იმიტომ ხართ პრორუსულები, რომ გუშინ UNDP-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომ კიდევ კილომეტრნახევრით შემოიწია ერთ ადგილზე საოკუპაციო ხაზმა, რაც მერამდენე შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში და ამაზე რეაგირება თითქმის არ გქონათ, სანამ იძულებულები არ გახდით, რომ რაღაც ნაბიჯები გადაგედგათ საზოგადოების წნეხის შემდეგ.

მახსოვს ის ნარატივი თქვენი მინისტრების და მინისტრის მოადგილეების - ამის გამო ომს ხო არ დავიწყებთო, რამდენიმე სახლი იკარგება და რამდენიმე სოფელიო, აი, ამიტომ ხართ პრორუსული ძალა, კიდევ იმიტომ ხართ, რომ ჩვენს მეგობრებში შექმენით ილუზია, რომ პრობლემები გვარდება დიალოგის გზით, ჯერ სოჭის ოლიმპიადაში მიიღეთ მონაწილეობა, მერე ორმხრივი დიალოგი აღადგინეთ და იტყუებოდით, ამბობდით, რომ ალაგებდით პრობლემებს, ამ დროს კი არა ალაგებდით, გააუარესეთ ეს პრობლემები. ყველაზე მთავარი, რატომაც ხართ პრორუსული ძალა - იმიტომ, რომ გმართავთ რუსი ოლიგარქი თავისი რუსული ოლიგარქიული მეთოდებით, რომლის ამოცანა არის, რომ არ იყოს ოპოზიცია, შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა, დაამთავროს თავისი ოპონენტები, უმცირესობების უფლებები არ იყოს დაცული და ეს არის თქვენი ამოსავალი წერტილი. უტევთ ყველას, რომელიც მას შეუქმნის საფრთხეს და ხართ გადაფარებული მასზე,“- მიმართა სერგი კაპანაძემ უმრავლესობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა