მარიამ ჯაში - 2019 წელი საქართველოს განათლების სისტემის რეფორმისთვის ისტორიული წელი იყო

გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, რომ 2019 წელი საქართველოს განათლების სისტემის რეფორმისთვის ისტორიული წელი იყო. ამის შესახებ მარიამ ჯაშმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, 30 ათასზე მეტი პედაგოგი რამდენიმე დღეში გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.

„სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ჩვენ გვინდა მივულოცოთ ახალი სასწავლო შესაძლებლობები მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგიურ კორპუსს და მათ წარმატებები ვუსურვოთ. აქვე, ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია შევაჯამოთ ის ცვლილებები, რომელიც უკვე განხორციელდა საქართველოს განათლების სისტემაში და ასევე გამოწვევები, რომლის გარშემოც ჩვენ შემდგომი მუშაობა მოგვიწევს. გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, რომ 2019 წელი იყო ისტორიული წელი საქართველოს განათლების სისტემის რეფორმისთვის. მე-9 მოწვევის პარლამენტის განხილვების პირველივე დღეებიდან ჩვენი კომიტეტი, ყურადღებას ამახვილებდა დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის აუცილებლობაზე. ჩვენ გვქონდა პრეტენზია, რომ განათლების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმები მომხდარიყო. ეს გადაწყვეტილება 2019 წელს არის მიღებული და მინდა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადავუხადო“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე განმარტებით, მამუკა ბახტაძის ინიციატივით განათლება საქართველოს მთავრობის ნამდვილად უპირველესი პრიორიტეტი გახდა.

„ჩვენ ასევე საკანონმდებლო დონეზე გვაქვს უზრუნველყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის. სულ რამდენიმე დღეში 30 ათასზე მეტი პედაგოგი მიიღებს გაზრდილ ანაზღაურებას და ათასობით დამსახურებულ პედაგოგს ჩვენ სისტემიდან ღირსეულად გავაცილებთ. საპენსიო რეფორმა, რომელსაც ჩვენ განათლების სისტემაში ვახორციელებთ, ვფიქრობ, არ მარტო საქართველოსთვის იქნება წარმატებული, არამედ - როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნებისთვის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, მაგალითი გახდება. ასევე მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს საგანმანათლებლო რესურსების კუთხით. წელს, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის სახით, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ განახლებული ვერსია ბრუნდება. ყველა პირველკლასელს გუშინ სწორედ აღნიშნული სახელმძღვანელო დახვდა. ჩვენ ასევე ვუზრუნველვყოფთ არჩევანის თავისუფლებას და საავტორო უფლებების დაცვას“, - აღნიშნა ჯაშმა.

გარდა ამისა, მის თქმით, სკოლის უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. როგორც მან აღნიშნა, 41 სკოლაში მანდატურები დამატებით დასაქმდნენ და საერთო ჯამში, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, სკოლების 80 პროცენტში უკვე მანდატურის წარმომადგენლები იქნებიან, რაც უსაფრთხოების საკითხს მნიშვნელოვნად გაზრდის. მისივე განმარტებით, მანდატურების სახელფასო ანაზღაურება 250 ლარითაა გაზრდილი.

„მანდატურის სამსახურის გაძლიერებასთან ერთად გაძლიერდა ფსიქო-სოციალური სერვისიც. ახალციხეში და ზუგდიდში დამატებითი ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებიც გაიხსნა. წელს პირველად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ სკოლაში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების ბავშვთა რეგისტრაცია დავიწყეთ. ეს მომსახურება 515-მა მოსწავლემ მიიღო. ასევე ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის 75 პროცენტი განახლებულია. 880 სკოლაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები და ქვეყნის მასშტაბით 27 სკოლა აშენდა. ასევე წელს დამთავრდა 91 სკოლის მშენებლობა შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული სტრატეგიული პროგრამის ფარგლებში. ბუნებრივია, რჩება გამოწვევები, მათ შორის, საბავშვო ბაღების სისტემებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საბავშვო ბაღებში ანალოგიურად, ჩვენ გვაქვს განსახორციელებელი ფინანსურიო რესურსების მატების ინიციატივები და ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენ სამინისტროსთან მუშაობას ვაგრძელებთ. ეს სტრატეგიული და ფუნდამენტური რეფორმაა განათლების სისტემაში“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო