ირაკლი კობახიძე „ჩრდილოვანი კაბინეტის“ შექმნის შესახებ ხაზარაძის განცხადებაზე - ჩვენ კონცენტრირებული ვართ ჩვენს კაბინეტზე, რომელსაც არ აქვს ჩრდილი

კონცენტრირებული ვართ ჩვენს დღის წესრიგზე, ჩვენს კაბინეტზე, რომელსაც არ აქვს ჩრდილი. ამ რეჟიმში მუშაობას გავაგრძელებთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, როდესაც შეაფასა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ის "ჩრდილოვან კაბინეტს" შექმნის.

"მთავარია, ჩვენთვის ჩვენი მთავრობა, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად წარმატებული და ამ ყველაფერს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ დღის წესრიგს, ამაზე, ბუნებრივია, ღრმად დისკუსიაში ვერ შევალთ. ყველას თავისი არჩევანი აქვს. შეუძლიათ, ისე იმოქმედონ, როგორც ტაქტიკურად სწორად მიაჩნიათ. ჩვენ ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგია გვაქვს, რაც ჩვენთვის არის მთავარი", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მცირე მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას „ამხელა მთავრობა არ სჭირდება“.

„გაზაფხულზე, ასევე, პირველად შევქმნით „ჩრდილოვან კაბინეტს", რომელიც იმ პროგრამებს დაეყრდნობა, რომლებსაც 12 ლიდერი მოამზადებს. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს 12 საუკეთესო პროფესიონალი. საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი, ასევე უნდა იცოდეს ვინ იქნებიან სხვადასხვა უწყების მინისტრები და რა პროგრამები ექნებათ მათ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს