მიხეილ კალანდიას ადვოკატი - დავით სარალიძეს ე.წ. საპირფარეშოს ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ დავით სარალიძეს ე.წ. საპირფარეშოს ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე 5 მოწმე დაიკითხა, მათ შორის, 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.

"ხუთივე მოწმემ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. მიღებული ინფორმაციით, დაცვის მხარე კმაყოფილი ვართ. ერთი რამ შემიძლია გავახმოვანო, რომელიც ბუნდოვანი იყო მთელი ამ გამოძიების ეტაპზე. მაგალითად, ის, რომ დავით სარალიძე საპირფარეშოში, სადაც კონფლიქტი დაიწყო, ნამდვილად არ ყოფილა. სხვადასხვა მოწმეები სხვადასხვა რამეს ჰყვებიან, მაგრამ დღევანდელმა მოწმემ დეტალურად ისაუბრა, თუ რა მოხდა საპირფარეშოში, ბულინგი იყო თუ არა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს არსებული მტკიცებულებებით, დავით სარალიძეს საპირფარეშოში დაწყებულ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია.

ჩემს მიერ შესწავლილმა მასალებმა დამდგარ განაჩენებთან საერთოდ სხვა სურათი მიჩვენა და ძალიან მიკვირს, რატომ დადგა საერთოდ ასეთი განაჩენები საქმეზე. დანარჩენს დასკვნით ეტაპზე მოგახსენებთ", - განაცხადა თოდუამ.

მისი შუამდგომლობა, სხდომა გახსნილ რეჟიმში წარმართულიყო, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

საქმის პროკურორი ბესიკ ქვარცხავა არ საუბრობს, დღეს დაკითხულმა მოწმემ ნამდვილად განაცხადა თუ არა, რომ დავით სარალიძე საპირფარეშოში დაწყებულ კონფლიქტს ესწრებოდა თუ არა. პროკურორი აცხადებს, რომ სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რის გამოც, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ 5 მოწმე წარმოადგინა, რომლებიც მხარეთა მონაწილეობით დაიკითხნენ. მათ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრეს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან", - განაცხადა ქვარცხავამ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა