ომბუდსმენის მოადგილე 20 ივნისის საქმეზე - მივმართავთ პროკურატურას და ვიმედოვნებთ, რომ რეკომენდაციებს  გაიზიარებენ - სრული სურათი შეიქმნება ვინ რა ბრძანება გასცა

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, 20 ივნისის საქმეზე მიცემული ჩვენებებიდან ტენდენციის სახით გამოვლინდა, რომ ყველა პირი, ვინც რეზინის ტყვიების სროლას ახორციელებდა, შესაბამისი ბრძანების არქონის პირობებში, ინდივიდუალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოქმედებდა.

ბურჯანაძე 20-21 ივნისის საქმის შემსწავლელი საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა და პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის შემდგომ მან ისაუბრა გამოძიების შესახებ და აღნიშნა, რომ არსებული მასალიდან გამომდინარე გარკვეული ტენდენციების დანახვა შესაძლებელია.

"პროკურატურაში საქმის მასალების შესასწავლად 35-მდე ვიზიტი გვაქვს განხორციელებული. უკვე 550-ზე მეტი მოწმეა გამოკითხული. ვეცნობით მასალებს, შევისწავლით დოკუმენტაციას და გვიწევს გარკვეული რაციების ჩანაწერების მოსმენაც - ამ ყველაფერს დიდი დრო მიაქვს. სწავლის პროცესში ვართ და კონკრეტული ტენდენციების დანახვა შეგვიძლია, თუმცა საბოლოო ჯამში დასკვნას ჯერ არ ვაკეთებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ შესასწავლი კიდევ ბევრია და გამოძიებასაც ჯერ კიდევ აქვს მოსაპოვებელი მრავალი ინფორმაცია. ამ ეტაპზე რაც საინტერესო შეიძლება იყოს, ეს იმ პირთა ჩვენებებია, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ რეზინის ტყვიების სროლას და რაც ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს შეიცავს. ამ ჩვენებებიდან გარკვეული ტენდენციის სახით გამოვლინდა ის, რომ ყველა მათგანი საუბრობს იმაზე, რომ ტყვიების გამოყენებისას მათ არ ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება, არამედ მოქმედებდნენ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მსგავს შინაარსზე საუბრობს ყველა და აცხადებს, რომ მათ მიერ ტყვია გამოყენებული იქნა ინდივიდუალური საფრთხის ასაცილებლად, შესაბამისი ბრძანების არქონის პირობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, მათი ხელმძღვანელები ხედავდნენ თუ არა ტყვიის გამოყენების საკითხს და თუ კი, რა რეაგირება განახორციელეს. ამჟამად სამართლებრივად ჩვენებების ვამოწმებთ ამ საფუძვლებს, რამდენად სწორი დასკვნაა ეს და რამდენად გამომდინარეობს ეს როგორც კანონმდებლობიდან, ასევე საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან და სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაც მსგავს რეგულაციას რამდენად იცნობს, ანუ რამდენად შესაბამისია მათი ქმედება კანონმდებლობასთან. შემდგომ დამატებით ვნახავთ და გავაანალიზებთ, ხომ არ შეიძლება, ვიღაცის მხრიდან იკვეთებოდეს კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილემ ასევე ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რაც აპარატმა გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ გასცა და რომლის გაცემასაც უახლოეს მომავალში აპირებს.

"ამ პროცესში 4 წინადადებით მივმართეთ პროკურატურას. გარკვეულ რეკომენდაციათა ნაწილი პროცედურულ საკითხზე იყო და მათ ვთხოვდით, კითხვები დასმულიყო მაგალითად, იმ ინსტრუქტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ტყვიის მსროლელებს გაეწიათ, იმ ბრძანებებზე, რაც მიიღეს. წინადადების გაგზავნის შემდეგ პროკურატურაში შემდგომი გამოკითხვები ამ კითხვასაც შეიცავდა. ამ დროისთვის ვფიქრობთ, რომ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება აუცილებელია - უახლოეს დღეებში მივმართავთ პროკურატურას, რომ ამოღებული იყოს დამატებითი რაციები. რაციების მონაცემებიდან დღესდღეობით არის ამოღებული ის ნაწილი, რომელიც ე.წ. მმართველობითი რგოლისაა, მაგრამ ამ მმართველობითი რგოლის ბრძანებები როგორ ჩადიოდა ქვედა დონეზე, ამისთვის მნიშვნელოვნად ვთვლით ასე ვთქვათ, ქვე-რაციების ჩანაწერების ამოღება მოხდეს. ასევე, აუცილებლად ვთვლით, მოხდეს ტელეფონების და იქ გარკვეული შინაარსების გაცნობაც. ამ ყველაფერზე მივმართავთ პროკურატურას და იმედს ვიტოვებთ, რომ გაზიარებული იქნება რეკომენდაციები, ინფორმაციები - ამოღებული და სრული სურათი შეიქმნება, თუ ვინ რა ბრძანება გასცა და ეს ბრძანება როგორ დავიდა კონკრეტულ ინდივიდებამდე", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო