ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს პირველი განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოში პირველად მუშაობას განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორია (RES Lab) იწყებს, რომლის მიზანიც საქართველოს ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა იქნება.

RES Lab ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთობლივი პროექტია. როგორც მისი ინიციატორი, სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძე აღნიშნავს, პროექტის ფარგლებში სადისკუსიო პანელი შეიქმნება, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება:

„ენერგეტიკა არის ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რომელიც ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი შეხედულებით, ეს გამოწვევა უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად, რაც შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ხელთ გვექნება კონკრეტული კვლევები და ზუსტი შედეგები. ეს მოგვცემს საშუალებას, ვებრძოლოთ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა ენერგეტიკასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და პოპულიზმი, რომელიც ხშირად იჩენს თავს, თუნდაც, ჰესების მშენებლობათან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაია მელიქიძემ.

ლაბორატორიის მუშაობაში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ორგანიზაცია, არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისოც, როგორიცაა: USAID, EBRD, ADB, EIB. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორიის მუშაობაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან. როგორც უნივერსიტეტის დეკანმა, ნინო ენუქიძემ აღნიშნა, ლაბორატორია შეძლებს მნიშვნელოვანი კვლევების განხორციელებას და უახლოეს მომავალში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად არაერთ პროექტს განახორციელებს.

ლაბორატორიის იდეასა და მის მუშაობაში სტუდენტების ჩართულობის პერსპექტივას დადებითად აფასებს სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ნარმანია:

„ენერგოეფექტურობის მიმართულებით კვლევების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოსაწონია ისიც, რომ ლაბორატორიის მუშაობაში სტუდენტებიც ჩაერთვებიან, რადგან, ერთი მხრივ, მათი გონება მზადაა თავისუფალი აზროვნებისთვის, აქვთ პოტენციალი, დამოუკიდებლად აწარმოონ კვლვები და ამასთანავე, პროფესიულად განვითარდნენ. მეორე მხრივ, ამგვარად იქმნება პროფესიონალი კადრების ბაზა, რომლის დეფიციტიც ჩვენს სფეროში ნამდვილად შეინიშნება,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორიაში გაწევრიანება კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლებს უკვე შეუძლიათ. ლაბორატორია აქტიურ საქმიან მუშაობას უახლოესი დღეებიდან შეუდგება.

გლობალური დათბობა, რომლის გამომწვევი მიზეზიც არაგანახლებადი ენერგიის წყაროების ინტენსიური გამოყენების შედეგად ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით დაგროვებაა, დღევანდელი მსოფლიოს ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ განახლებადი ენერგოწყაროების გამოყენების შესახებ, რაც ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის გარანტია.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს