მაიკ პომპეო - საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმა მსოფლიოს მთავარი ნავთობექსპორტიორის წინააღმდეგ ჩადენილი საომარი ქმედებაა

საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმა მსოფლიოს მთავარი ნავთობექსპორტიორის წინააღმდეგ ჩადენილი საომარი ქმედებაა, - „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ისეთი მასშტაბის თავდასხმა, რომლის მსგავსი ჯერ არ გვინახავს. საუდის არაბეთის ხალხს საკუთარ მიწაზე დაესხნენ თავს. ეს მათ წინააღმდეგ ჩადენილი საომარი ქმედება იყო," - განაცხადა პომპეომ საუდის არაბეთში ჩასვლის წინ, სადაც იგი პრინც მუჰამედ ბინ-სალმანს შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, მტკიცებულებამ აჩვენა, რომ თავდასხმა იემენის მხრიდან არ განხორციელებულა და რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახური დარწმუნებულია, თავდასხმისას გამოყენებული იარაღი იემენელ ჰუსიტებს არ ეკუთვნის.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, პომპეომ ასევე განაცხადა, რომ ის ვაშინგტონში დაბრუნებამდე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტსაც გეგმავს.

„ვმუშაობთ, რომ შევქმნათ კოალიცია ჩვენს არაბ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ირანის შესაჩერებლად შესაბამისი გეგმა შევიმუშაოთ,“ - განაცხადა პომპეომ.

14 სექტემბერს, საუდის არაბეთში, ორ ნავთობტერმინალზე დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-მ თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა, თუმცა თეირანმა ამ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა.

გუშინ საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ნავთობტერმინალებზე თავდასხმის მტკიცებულებები წარმოადგინა. უწყება თავდასხმაში ირანის ჩართულობაზე მიუთითებს და შეტევაზე იემენის მხრიდან მონაწილეობას გამორიცხავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა