ლაშა ტუღუში - სალომე ზურაბიშვილის ყოველი გამოსვლა, ნაბიჯი დაკავშირებულია შოკებთან, საზოგადოების დაძაბვასთან, ნერვიულობასთან

"სალომე ზურაბიშვილი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ასეთი პრეზიდენტი სად როგორ გააფუჭებს რაღაცას, იმას დავსდევთ", - ამის შესახებ ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.

მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საკითხზე ისაუბრა.

"ისედაც შესუსტებული კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით აქვს, ვერ იჩენს ვერანაირ უნარს, მეტსაც ვიტყვი, ეს უნარები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა, საზოგადოების საწინააღმდეგოდ მიმართული. როცა კომისიაში ვიყავი, ბევრს ვიბრძოდი ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ უფრო გაფართოებული კომპეტენცია ჰქონოდა პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ სწორი იყო ჩვენი მიდგომები, მაგრამ ახლა რომ ვფიქრდები, მეშინია, რადგან ასეთი პრეზიდენტი სად როგორ გააფუჭებს რაღაცას, იმას დავსდევთ, კინაღამ ომში შეგვიყვანა აზერბაიჯანთან თავისი მოუზომელი და არადიპლომატიური მოქმედებებით. ერთადერთი შეწყალებაშია ავტონომიური და იქაც რას აკეთებს, ვხედავთ. მართლა ხომ არ გავაუქმებთ ამ ინსტიტუტს? გადარჩევით ვეღარ გადავირჩევთ და საერთოდ, რა ხდება?! ყოველი მისი გამოსვლა, ნაბიჯი დაკავშირებულია შოკებთან, საზოგადოების დაძაბვასთან, ნერვიულობასთან, აფეთქებასთან, მეზობლებთან კონფლიქტებთან. ჯობია, ალბათ იჯდეს იქ, სადაცაა და ყველაფერზე მორატორიუმი გამოაცხადოს, ერთი მხრივ, ამას ვამბობ. მეორე მხრივ კი, ის, რომ აცხადებს მორატორიუმს, ჩემი აზრით, კონსტიტუციის აშკარა დარღვევაა, რადგან კონსტიტუციური ვალდებულება აქვს. რომელი უბედურებიდან უნდა ავარჩიოთ, ვერ გეტყვით", - განაცხადა ტუღუშმა.

მანვე ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ ასეთ თემებს სჭირდება ჩაღრმავება და გარკვევა.

"კომისია არ არის, გადაწყვეტილებების მექანიზმები გაუგებარია, ძალიან საეჭვო საკითხებია და შესაბამისად, ყველა უნდა დაინტერესდეს და გამოიკვლიოს, რაშია საქმე. ეს არის თემა, რომელიც მეტ სიცხადეს საჭიროებს. ამდენი აღშფოთებული ადამიანი დიდი ხანია არ მინახავს. პრეზიდენტს მხარს უჭერს უმრავლესობა და უმრავლესობაც აღშფოთებულია. მაგრამ რას აკეთებენ ისინი, კითხვა ეს არის. აღშფოთება გავიგე, კარგია, რომ აღშფოთებული ხარ, მაგრამ დეპუტატისგან აღშფოთება რას ნიშნავს? შექმნან რაღაც კომისია, ან კანონი შეცვალონ, ან რაღაც გააკეთონ, აღშფოთებული შეიძლება ქუჩაში ნებისმიერი იყოს, მაგრამ ხელფასს იღებენ, ყველაზე მაღალი პოზიციები აქვთ და ხელი და ფეხი უნდა გაანძრიონ, თუ რამეს წარმოადგენენ. მაგრამ დეპუტატია, მანდატი აქვს, ზის რა წლებია, სიტყვით არ გამოსულა. ადამიანი რომ ერთხელ არ გამოსულა პარლამენტში, ის დეპუტატია? თითს აჭერენ ხოლმე და ისიც ეშლებათ ხანდახან, სხვის "პულტს" აჭერენ თითს. ამ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ სამწუხაროდ", - განაცხადა ექსპერტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა