თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა „თეთრი ხალათების ცერემონიას“ გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს.

მათივე ინფორმაციით, გასული წლების მსგავსად, თეთრი ხალათების რიგით მეშვიდე ცერემონია ამჯერადაც პომპეზური იქნება. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული საპატიო სტუმრები, ასევე, პირველი, 2019 წლის გამოშვების სტუდენტები, აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გასულ 7 წელს მიმოიხილავენ და მის შედეგებს შეაჯამებენ. პროგრამამ პირველი სტუდენტები სწორედ 7 წლის წინ მიიღო, რომლებმაც ამერიკულ პროგრამაზე სწავლა 2019 წლის ივნისში დაასრულეს.

თეთრი ხალათების 2019 წლის ცერემონიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია გახსნის. პროგრამის პირველკურსელებს მიესალმებიან და, ტრადიციულად, თსსუ-ისა და ამერიკული პროგრამის ემბლემიანი თეთრი ხალათებით შემოსავენ ღონისძიებაზე მიწვეული საპატიო სტუმრები როგორც საქართველოდან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. პროგრამაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის საპატიო ჯილდოს მფლობელები, ტრადიციულად, წელსაც იქნებიან გამოვლენილნი. ღონისძიებას გაუძღვება ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, არჩილ უნდილაშვილი.

საზეიმო ცერემონიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები, უცხოელი სტუმრები, თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტები, მშობლები და მეგობრები დაესწრებიან. მათ შორის იქნებიან აშშ-დან დაბრუნებული მეორე კურსის სტუდენტები, რომლებმაც 3 კვირის განმავლობაში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ სპეციალურ პროგრამაში - „ზაფხული ემორიში”.

„დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული. პროგრამის სტრუქტურა უადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (USMLE) ორივე საფეხური ეტაპობრივად და საშუალებას აძლევს კლინიკური გამოცდილება მიიღონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ მხრივ პროგრამას უკვე აქვს წარმატება“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

2019 წელს პროგრამაზე სტუდენტების მეშვიდე ნაკადი, 70-მდე სტუდენტი ჩაირიცხა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა