ხვალ, გინეკოლოგიური კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო გლობალური მარათონი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები.
მათივე ინფორმაციით, 20 სექტემბერი გამოცხადებულია გინეკოლოგიური კიბოს საერთაშორისო დღედ, რაც მიზნად ისახავს ქალთა ცნობიერების ამაღლებას რისკ ფაქტორების შესახებ, ხელს უწყობს დაავადების ნიშნების ამოცნობასა და შესაბამისი ზომების მიღებას საერთაშორისო კამპანიასთან - „GO... ცნობადობისთვის, მოქმედებისთვის, იმედისა და სიცოცხლისთვის“ ერთად, რომელიც ტარდება ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში.
მათივე ცნობით, გინეკოლოგიური კიბოთი ყოველწლიურად ავადდება დაახლოებით 98 ათას ქალი შეერთებულ შტატებში, ხოლო ევროპაში 58 ათასი ქალი დიაგნოსტირდება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. მდედრობითი სქესის მოსახლეობის ინფორმირების ზოგადი დონე გინეკოლოგიური კიბოს შესახებ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დაბალია! ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, საადვოკაციო ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეგვეძლება ცნობიერების ამაღლებასა და გინეკოლოგიური კიბოს პროფილაქტიკის და ადრეული გამოვლენის გაუმჯობესება.
„2018 წელს, 1.3 მილიონზე მეტ ქალს მსოფლიოში დაუდგინდა გინეკოლოგიური კიბო: საშვილოსნოს ყელის კიბო 44%-ში, საკვერცხეების კიბოს ახალი შემთხვევების 23%-ში, ენდომეტრიუმის კიბოს 29% და სხვა ლოკალიზაციის 5%-ში. 2018 წელს, მსოფლიოში გინეკოლოგიური კიბოთი 468,000 ქალი გარდაიცვალა.
2019 წლის 20 სექტემბერს 80-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება გინეკოლოგიური კიბოს მსოფლიო დღე. ამ დღეს უერთება საქართველოც. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: დაავადებათა პრევენციის ფონდი, ალიანსი კიბოს წინააღმდეგ, ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოება“, - აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.