ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019

რისკენ უბიძგებს კრემლი საქართველოს

ვინ წარუდგენს ზურაბიშვილს შესაწყალებელი მსჯავრდებულების სიას

***

რისკენ უბიძგებს კრემლი საქართველოს

“რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ ქმედებებს არ წყვეტს. ბოლო პერიოდში კრემლის მხრიდან ზეწოლის გააქტიურებაც შეინიშნება; ეს იქნება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული პროვოკაციების მოწყობის მცდელობა, დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების მხრიდან ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოების განთავსება, თუ დეზინფორმაციის გავრცელება, რაც შესაძლოა იმით აიხსნას, რომ "კრემლი დასავლეთის თვალში საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს ", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რისკენ უბიძგებს კრემლი საქართველოს / “რუსეთის ზეწოლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად გააქტიურდება”

"დღეს უკვე ჩორჩანის ტყეში ორი ოსური დროშა ფრიალებს, იქვე ახლოს კი დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოებს აწყობენ. ამასთან, ოსური მხარე კვლავ დაჟინებით მოითხოვს ჩორჩანის ტყეში განთავსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებას და ამის პასუხად, თვითონაც საგუშაგოებს აწყობს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდა რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი - ორი დღის უკან რუსული მედია წერდა, რომ საქართველომ თავის ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო ხომალდები არ შეუშვა, რაც რეალურად ტექნიკური შეფერხების გამო ვერ მოხერხდა. ამის ფონზე ჩნდება კითხვები, რა არის ამ ზეწოლის გააქტიურების მიზეზი და საერთოდაც, რისკენ უბიძგებს კრემლი საქართველოს?“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას გამორიცხავს, თითქოს ორ მხარეს შორის ადგილი ჰქონდეს რაიმე ფარულ მოლაპარაკებებს, ან ულტიმატუმებს. საქართველოს ხელისუფლებას დღეს უამრავი პრობლემა აქვს, რაც მათთვის უფრო მეტად მწვავდება. ამ შემთხვევაში არ ვიგულისხმებდი ფარულ მოლაპარაკებებს; ერთი მხრივ არსებობს პრობლემები, როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაა, თუმცა, თუ პრობლემები რთულდება, ბუნებრივია, ხელისუფლება ცუდ დღეში ვარდება. ჩვენ რომ რუსეთის მხრიდან ვხედავდეთ ისეთ ნაბიჯებს, რომლითაც ეს ხელისუფლება კარგ მდგომარეობაში იქნება, ვიფიქრებდით, რომ არსებობს მოლაპარაკება და რუსეთი ხელს უწყობს ამ ხელისუფლების ინტერესების გატარებას, მაგრამ არც სხვა ნაბიჯებიდან ჩანს ეს; გავრილოვის ვიზიტიდან დაწყებული, მიმდინარე მოვლენები ამ ხელისუფლების წისქვილზე წყალს არ ასხამს ", - აღნიშნა საყვარელიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კრემლი ყველა შანსს იყენებს იმისათვის, რომ საქართველოს ავნოს, რაც საერთაშორისო არენაზე მისი დისკრედიტაციის მცდელობით გამოიხატება. რუსეთი ყოველთვის ასეთი აქტიური იყო; როგორც კი ჩაუვარდება შანსი, რომ საქართველოს სრულიად ყალბი იფორმაცია გაუვრცელოს, როგორც მაგალითად ლუგარის ლატობარატორიაზე აკეთებს, არ უშვებს ხელიდან. ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის აგრესია ახლა გაიფურჩქნა, მუდმივად ასე იყო. ვერ ვხედავ განსაკუთრებულ გააქტიურებას, მაგრამ, ჩანს რეგულარული, მუდმივი და თანმიმდევრული გააქტიურება და აგრესია. კრემლი ცდილობს საქართველო დასავლეთის თვალში დისკრედიტირებული იყოს; ცდილობს აჩვენოს, როგორ შეიძლება ნატო-ში მიიღო ის ქვეყანა, რომელსაც ასეთი პრობლემები აქვს და ა.შ. უნდა ველოდოთ, რომ არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, ეს აქტიურობა იქნება კიდევ უფრო მდგრადი, მყარი და შეუპოვარი. რუსეთი შეეცდება ქართულ საზოგადოებაში შემოიტანოს განსხვავებული აზრი; „არაფრად ვარგიხართ, როგორც სახელმწიფო და მე კი შევძლებ თქვენ დახმარებას," რაც აბსურდია. ვხედავთ, რომ ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ადრე უფრო ახლოს იყო რუსეთთან, მისგან დისტანცირებას ცდილობს და არ სურს კვლავ მისი გავლენის ქვეშ მოქცევა. ასე რომ, არავითარი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას, რომ რუსეთი იქნება მათთვის მისაღები ფაქტორი," - აცხადებს ზაქარეიშვილი”, - დასძენს გამოცემა.

"ზეწოლის გააქტიურებით, შესაძლოა თუ არა ვივარაუდოთ, რომ კრემლი მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოსგან განცხადებას ელოდება? თუნდაც, როგორია დღეს საქართველოს ხელისუფლების ხედვა და აქვს თუ არა ადგილი შედარებით ლოიალურ პოლიტიკას რუსეთის მიმართ? რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის სულერთია მოლაპარაკების კუთხით საქართველოს შეხედულება; რაც შეეხება ლოიალურ პოლიტიკას, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან შედარებით დღევანდელი ხელისუფლება კრემლის მიმართ უფრო ლოიალურ პოლიტიკას ატარებს. „კრემლს დიდი ხანია ნათქვამი აქვს და გვაგრძნობინებს კიდევაც, რომ არ აინტერესებს საქართველოს მხრიდან იქნება თუ არა მოლაპარაკება. მას ეს ორი „რეგიონი" ხელში უკავია, თანაც საკმაოდ მყარად. სააკაშვილის ხელისუფლებასთან შედარებით, რომელმაც რუსეთთან ომი დაიწყო, ლოიალურია. შევარდნაძის ხელისუფლებასთან შედარებით, რომელსაც არ უნდოდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართვა, რომ რუსეთი არ გაებრაზებინა, უფრო მკაცრია, რადგან ეს ხელისუფლება ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიიწევს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. პაატა ზაქარეიშვილი კი რუსეთის მიმართ არსებულ პოლიტიკას „ფრთხილს" უწოდებს, თუმცა, ასევე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა „ჩამოუყალიბებელია." „უფრო ფრთხილია ხელისუფლება, ვიდრე ლოიალური; ცდილობს, რომ აგრესიის განხორციელების მიზეზი არ მისცეს, თუმცა ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა აქვს. პროცესები გაჩერდა, რადგან კარასინი წავიდა. მოვიდა შედარებით ახალგაზრდა დიპლომატი ივანოვი, რომელიც ამბიციურია. ამიტომ მგონია, რომ მისი მოსვლა წარმატებული უნდა იყოს. „ჯერ არ შემდგარა ივანოვი-აბაშიძის შეხვედრა და ამიტომაც, პაუზას აქვს ადგილი. როგორ ჩაივლის პირველი შეხვედრა, იმის მიხედვით გამოჩნდება, უნდა ველოდოთ თუ არა ახალი პოლიტიკის შექმნას ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, თუ დარჩება ძველი. ერთ-ორ თვეში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ახალი კონტურები გამოიკვეთება," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გრიგორი კარასინი ევგენი ივანოვმა შეცვალა. კარასინი ამ პოსტიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს”, - წერს სტატიის ავტორი.

ვინ წარუდგენს ზურაბიშვილს შესაწყალებელი მსჯავრდებულების სიას

"საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა, საზოგადოების კრიტიკის პასუხად კი თავის დისკრეციულ უფლებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, პრეზიდენტის მისამართით კრიტიკა უფრო აქტიურად ისმის. უფრო მეტიც პოლიტიკოსების ნაწილი მისი იმპიჩმენტის დაყენების საკითხზეც კი ალაპარაკდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვინ წარუდგენს ზურაბიშვილს შესაწყალებელი მსჯავრდებულების სიას

"ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას უარყოფითად მმართველ გუნდშიც აფასებენ და კრიტიკული განცხადებები, როგორც პრემიერ გიორგი გახარიასგან, ასევე იუსტიციის მინისტრისგან თეა წულუკიანისგანაც გაისმა. აგვისტოს მიწურულს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მან, პირადი გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. 17 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე, რომელიც 2013 წლის 26 აპრილს თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მეტიც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებული ერთ-ერთი პირი 2009 წლიდან იძებნება (შეწყალების დებულების თანახმად, ძებნილი პირის შეწყალება არ ხდება). თეა წულუკიანმა უკმაყოფილებაც გამოთქვა, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებამდე იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაიარა. "მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მარგველაშვილს მხარს უჭერდნენ ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებში და დღეს ქალბატონ სალომეს ლანძღავენ", - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე. ამასთან, კილაძის განცხადებით, ის არ ეთანხმება ზურაბიშვილს მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების ნაწილში. მისივე თქმით, პარლამენტი ფიქრობს ფორმატზე, რომელიც შეწყალების კუთხით კანონმდებლობის დახვეწას უზრუნველყოფს, რადგან, როგორც თავად აღნიშნა, ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო, რომ საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება არ მიეღო”, - განაგრძობს გამოცემა.

"მე ცალსახად ვერ დავეთანხმები მკვლელების შეწყალების ნაწილში ქალბატონ სალომეს ისევე, როგორც თავის დროზე არ ვეთანხმებოდი ბატონ გიორგი მარგველაშვილს და მის წინამორბედებს. ასეთ მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მარგველაშვილს მხარს უჭერდნენ ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებში და დღეს ქალბატონ სალომეს ლანძღავენ. ცოტა ორმაგ სტანდარტებს ვხედავ, თუმცა მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ვერანაირად ვერ მოვიწონებ ვერც ერთი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით", - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი თქმით, უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ გამოვლინდეს იმპიჩმენტის საფუძვლები”, - დასძენს გამოცემა.

"დეპუტატი ლევან კობერიძე კი არ გამორიცხავს, რომ შეწყალების გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაიძრას. კობერიძემ ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტზე მკვლელობაში მსჯავრდებულების მიმართ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, აქედან გამომდინარე მისი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს. "საქართველოს პრეზიდენტზე რომ ითქვას, რომ ის არის ხელმომწერი და მისგან, ასე ვთქვათ, მოხდეს პასუხისმგებლობის აცილება, მე მგონი, არასერიოზულია. საქართველოს პრეზიდენტი სწორედ რომ ამ ფაქტის მთავარი ფიგურანტია. სიმართლე გითხრათ, არ გამოვრიცხავ, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხიც კი დაიძრას აქედან გამომდინარე. ასევე, მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი აბსოლუტურად გაუგებარია. მაშინ გამოაცხადოს მორატორიუმი პრეზიდენტობაზე და აღარ იაროს სამსახურში", - განაცხადა დეპუტატმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით