თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება ევროპის, აშშ-ს, უკრაინისა და თურქეთის უნივერსიტეტებსა და კლინიკებში გაიარეს

მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და თურქეთის პარტნიორ უნივერსიტეტებსა და კლინიკებში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კი, ჩამოსული იყვნენ პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები სტაჟირების გასავლელად. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე გერმანიაში ლანდსჰუტის კლინიკასა და ვაილჰაიმის კლინიკაში. სტაჟირებას ლანდსჰუტის კლინიკაში უძღვებოდნენ თსსუ-ის საპატიო დოქტორები: პროფესორი ლორიან ლოე და პროფესორი გეორგიოს მაიმარაკისი, მთავარი ექიმი, დოქტორ ვოლფგანგ შნეიდერი, ხოლო ქალაქ ვაილჰაიმში - თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი რეინოლდ ლანგი, ასევე, კლინიკის ექიმები მარსელ ზიგლერი, მიშელ შეირლინგერი, დოქტორი პიტერ ბაუმანი და დოქტორი ბერჰარდ კანი.

ნიდერლანდების სამეფოში, უტრეხტის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტები, სტაჟირება განხორციელდა უტრეხტის მედიცინის ცენტრის ანატომიის და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ რონალდ ბლეისის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, დავით თოფურიას ხელმძღვანელობით. წელს, თსსუ-ის სტუდენტების ჯგუფს საზაფხულო სკოლაში ხელმძღვანელობდნენ მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია და საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ლევან ბენაშვილი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა მასპინძელი 2019 წლის ზაფხულში იყო პოლონეთიც. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები საზაფხულო სტაჟირების გასავლელად იმყოფებოდნენ პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში.

სტუდენტები სტაჟირებას გადიოდნენ პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორების: გრეგორ ბრებოვიჩის, ევა ნოვაკ-მარკვიჩის, რომან ჯანკოვსკის და მარეკ რუჩალას ხელმძღვანელობით.

პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორმა იაროსლავ ვოლკოვიაკმა, შეხვედრაზე მიიწვია ქართველი სტუდენტები, სადაც კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა, რომელიც ბევრი სტუდენტისთვის არის ახალი შესაძლებლობების კარიბჭე.

ERASMUS+-ის ფარგლებში, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის სტუდენტები სტაჟირებას გადიოდნენ მაგდალენა დროზკას და პიოტრ სკონიეჟნის ხელმძღვანელობით. ქართველი სტაჟიორების კოორდინატორი იყო დავიდ სპიჩალა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორების: მიქაელ თომაშევსკის, მარიო ტოროს, დანიელ პიეტრზაკისა და ანდრეი მადეიეზიკის ხელმძღვანელობით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების 20 სტუდენტი საზაფხულო სტაჟირების გასავლელად იმყოფებოდა ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის (უკრაინა) კლინიკურ ბაზებზე. სტუდენტებს კურირებდა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლალი ხუციშვილი.

ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იგორ ვორონჟევმა მადლობა გადაუხადა ქართველ სტუდენტებს, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს.

ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრ ხვისიუკმა მადლობის წერილი გამოუგზავნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას საქართველოსა და უკრაინაში სამედიცინო განათლების სფეროში შეტანილი დიდი წვლილისთვის. ასევე, მადლობის წერილი მიიღო ქალბატონმა ლალი ხუციშვილმა სტუდენტებისთვის გაწეული ღვაწლის გამო.

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასპინძლობდა თურქეთი. სტაჟირებას ონდოკუზ მაის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (სამსუნი, თურქეთი) თსსუ-ის ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ომარ სამუშია ხელმძღვანელობდა; ხოლო რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რიზე, თურქეთი) _ თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ლაბორანტი ნინო ჯანყარაშვილი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემორის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი საგანგებოდ მათთვის შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა - „ზაფხული ემორიში“ გახლდათ, რომლის ფარგლებში, სტუდენტები 3 კვირის განმავლობაში გაეცნენ ამერიკული სამედიცინო განათლების სისტემას და კლინიკურ სწავლებას.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის სტუდენტები ყველა პარტნიორ უნივერსიტეტში საზაფხულო სტაჟირებისას იღებდნენ თეორიულ ცოდნას და კლინიკურ გამოცდილებას, სტაჟირებას გადიოდნენ სხვადასხვა დეპარტამენტსა და კათედრაზე, მონაწილეობდნენ პაციენტთა გამოკვლევებსა და ასისტირებდნენ ქირურგიული ოპერაციებისას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ თითოეული სტუდენტი უდიდეს კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ სტაჟირება მრავლისმომცველი და ნაყოფიერი იყო და დიდად წაადგება მათ პროფესიულ სრულყოფას.

კმაყოფილებას გამოხატავდნენ ის სტუდენტებიც, რომლებიც საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადიოდნენ სტაჟირებას.

Erazmus+- ის ფარგლებში და ინდივიდუალური მომართვის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ და კლინიკური სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა ტორონტოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტიდან (კანადა), ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ადამიანის ევოლუციური ბიოლოგიის ფაკულტეტიდან (აშშ), ველესლის კოლეჯის წინა სამედიცინო კურსიდან (აშშ), ხარკოვის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (უკრაინა), პოზნანის სამედიცინო მეცნიერების უნივერსიტეტიდან (პოლონეთი), გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (პოლონეთი), ზაპაროჟიეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან (უკრაინა) და ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან (რუმინეთი) ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (პოლონეთი), მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტიდან (გერმანია) და ვენის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (ავსტრია).

უცხოელმა სტუდენტებმა კლინიკური სწავლება გაიარეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკასა და თსსუ-ის კლინიკურ ბაზებზე (შინაგან დაავადებათა #1 დეპარტამენტი, პედიატრიის #1 დეპარტამენტი, ქირურგიის დეპარტამენტი, ქირურგიის #1 დეპარტამენტი, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი, ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი, სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი, ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი).

საერთაშორისო სტუდენტებმა მაღალი შეფასება მისცეს იმ სამედიცინო დაწესებულებებსა და სამედიცინო პერსონალს, რომელთაც სტაჟირების ფარგლებში გაეცნენ. მათი შეფასებით, საქართველოში გატარებული დღეები მათთვის მრავლისმომცველი აღმოჩნდა და ძალიან დაეხმარება პროფესიული სრულყოფის გზაზე წარმატების მისაღწევად.

„სასიამოვნოა, რომ უცხოელმა სტაჟიორებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და გულისხმიერება; კლინიკებში არსებული მაღალი სტანდარტები.

როგორც ქართველმა სტუდენტებმა სხვადასხვა ქვეყანაში სტაჟირებისას, ისე საქართველოში ჩამოსულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში, გაეცნენ მასპინძელი ქვეყნების ღირსშესანიშნაობებსა და წეს-ჩვეულებებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს