შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება „სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი ხდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ჯარიმა, როგორც ძირითადი სასჯელი, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენის დროს არ შეიძლება დაინიშნოს. ამასთან, „სისხლის სამართლის კოდექსში“ მიღებული ცვლილებებით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება კრიმინალიზებული ხდება.

ცვლილებების მიღებამდე, ასეთი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა და 200 ლარიან ჯარიმას, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარიან ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა. ახლა კი შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება „სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი ხდება.

ამასთანავე, იმის გამო, რომ არ წარმოიშვას ბუნდოვანება ნორმის შინაარსის განმარტებისას, კანონში ემატება შესაბამისი შენიშვნა, სადაც მიეთითება, რომ ცივი იარაღის ტარება ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ტარების აკრძალვას არ შეიცავს დამცავი ან შემაკავებელი ორდერი. თუ ცივი იარაღის ტარების აკრძალვა გათვალისწინებული იქნება შემაკავებელ ან დამცავ ორდერში, მაშინ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება შესაბამისი ორდერის მოთხოვნების დარღვევისათვის.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ მოამზადა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს განსახილველად დეპუტატთა ჯგუფმა წარუდგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო