ირაკლი კოვზანაძე - 15 000 ლარამდე ფიზიკური პირების დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვრის გაზრდა სექტორის სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯია

ფიზიკური პირების დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვრის გაზრდა 15 000 ლარამდე საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

კოვზანაძის თქმით, ბოლო წლებამდე აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, თითქმის, ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ ფუნქციონირებდა. ამ საკითხის მოგვარება კი მხოლოდ დღევანდელი პარლამენტისა და ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი.

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემა რომ შექმნილიყო, შესაბამისი პროექტი ჩემს მიერ ჯერ კიდევ 2007 წელს მომზადდა და ინიცირებული იქნა. ამისათვის ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან საგარანტიო ფონდისათვის 4 მილიონი ევროც კი მოვიზიდეთ. თუმცა, მაშინ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ეს ინიციატივა, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის მიხედვით, 2020 წლის 1 ივლისიდან კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულ დეპოზიტებზე გადასახდელის მოცულობა მცირდება 0.067%-დან 0.03%-მდე, ხოლო უცხოურ ვალუტაზე შენატანის განაკვეთი (0.1%) - უცვლელი რჩება.

,,მთლიანობაში, ეს ცვლილებები რამოდენიმე მიზანს ემსახურება, ესენია: საბანკო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ლარიზაციის პროცესის შემდგომი სტიმულირება. მიმაჩნია, რომ ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და გამართული დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყნის ფინანსური მდგრადობის მთავარი პირობაა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და თავდაპირველად, ფიზიკური პირების 5000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტების დაზღვევას ითვალისწინებდა. ახალი გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 ივლისიდან დაზღვეული ანაბრების თანხის ოდენობა 3-ჯერ გაიზრდება და 15 000 ლარს მიაღწევს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს