ფილიპ ბრიდლავი - ქართველებს ვეტყოდი, რომ გააგრძელონ მუშაობა დემოკრატიის კუთხით და ნატო-ში არც ერთ ქვეყანას შეშფოთების საბაბი არ მისცენ

სამხედრო პერსპექტივიდან, საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი და აჩვენა სურვილი და შესაძლებლობა და საკუთარი წვლილი შეიტანა ნატო-ს ოპერაციებში, სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს არაფერი უშლის ხელს, - ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით, IWPR-თან (ომისა და მშვიდობის ინსტიტუტი) ინტერვიუში განაცხადა.

ფილიპ ბრიდლავის თქმით, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს სიდიდის მიხედვით, უფრო მეტი სამხედრო ჰყავს გაგზავნილი ავღანეთის ოპერაციაში, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას.

ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა საქართველოს მიერ ბირთვულის გარდა სხვა სახის იარაღის წარმოების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ვერ ეტყვის სუვერენულ ქვეყანას რა გააკეთოს და რა - არა. მისივე თქმით, ის, რასაც გააკეთებდა საქართველოს შემთხვევაში, გაზრდიდა ქვეითი ჯარის ქმედუნარიანობას.

“მე არასოდეს ვეტყოდი სუვერენულ ქვეყანას, რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი, თუმცა, მე რასაც ვურჩევდი არის ის, რომ საქართველომ უკვე აჩვენა, რომ არის რაღაცები, რასაც იგი ძალიან კარგად აკეთებს. ვგულისხმობ, ავღანეთში თქვენს სამხედროებს, რომლებიც აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე არიან, ისინი ჩამოვიდნენ და იმუშავეს ჩვენს ამერიკულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად ყოყმანის გარეშე. ისინი წავიდოდნენ ყველგან და გააკეთებდნენ ყველაფერს, რასაც ამერიკელები აკეთებდნენ, ისინი იყვნენ მამაცები და ძალიან ნიჭიერები“, - აღნიშნა ფილიპ ბრიდლავმა.

კითხვაზე, ვიდრე კონფლიქტები არ მოგვარდება, არის თუ არა ხელშესახები იმედი იმისა, რომ საქართველო ალიანს შეუერთდება, ბრიდლავი პასუხობს, რომ საქართველომ ოპტიმიზმი უნდა შეინარჩუნოს.

„ვფიქრობ ვითარება რუსეთში შეიცვლება. ვფიქრობ, უნდა შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი და რომ საქართველოს სჭირდება იყოს მზად სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით. ვფიქრობ, სამხედრო თვალსაზრისით საქართველომ უკვე ყველა მოლოდინს უპასუხა. პოლიტიკურად კი არის ცალკეული დაბრკოლებები გადასალახი ოკუპირებული ტერიტორიების გამო. ის, რასაც მე ქართველებს ვეტყოდი არის ის, რომ გააგრძელონ მუშაობა დემოკრატიის კუთხით და ნატო-ში არც ერთ ქვეყანას ამ კუთხით შეშფოთების საბაბი არ მისცენ“, - განაცხადა ბრიდლავმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა