აშშ საუდის არაბეთში საკუთარ ჯარს გააგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელი სამხედროების საუდის არაბეთში გაგზავნას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი საუდის არაბეთის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებაა.

პენტაგონი განმარტავს, რომ ამერიკა საუდის არაბეთში სამხედრო ძალების მცირე რაოდენობას გააგზავნის.

„სამეფოს მოთხოვნის საპასუხოდ, პრეზიდენტმა საუდის არაბეთში ამერიკული ძალების განთავსებას მხარი დაუჭირა, რომელიც თავდაცვითი ხასიათის იქნება და მიმართულია საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაზე,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა.

მისივე განმარტებით, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, აშშ აღნიშნულ ქვეყნებში სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნის პროცესს დააჩქარებს.

14 სექტემბერს, საუდის არაბეთში, ორ ნავთობტერმინალზე დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-მ თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა, თუმცა თეირანმა ამ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმა მსოფლიოს მთავარი ნავთობექსპორტიორის წინააღმდეგ ჩადენილი საომარი ქმედებაა. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა მოკავშირეებთან ერთად, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ქმედებების მიზნით კოალიციის შექმნის საკითხს განიხილავს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი კი აცხადებს, რომ ქვეყანა თავდაცვისთვის მზადაა და აშშ-ის ან საუდის არაბეთის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელება ტოტალურ ომს გამოიწვევს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა