ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა ლალი ბუთბაიამ, იზოლდა კვიციანმა და ნინო უბილავამ დიასპორული ორგანიზაცია World of Diaspora დააფუძნეს. სამივე დამფუძნებელი აფხაზეთიდანაა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლალი ბუთბაიამ განუცხადა, აღნიშნული ორგანიზაციის მიზანია მიგრაციის და ემიგრაციის საკითხებზე მუშაობა, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება როგორც ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.
„ჩვენი ძირითადი მიმართულება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხები იქნება. ემიგრაციაში ჩვენთან ერთად იმყოფებიან ეთნიკური აფხაზები და ოსები. ჩვენ საერთო ევროპული სისტემის ქვეშ ვართ მოქცეული. პრობლემებიც და გამოწვევებიც აქ ყველას ერთი გვაქვს. არსებობს კომუნიკაცია და საერთო ენა-სახალხო დიპლომატია. რაც დიდმა პოლიტიკამ გააფუჭა, რიგითმა მოქალაქეებმა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობა. ჩვენი საბოლოო მიზანია, ყველა იმ ქვეყნის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში კონფლიქტური პროცესების მოგვარებაზე მუშაობენ. ერთობლივი ძალებით სასურველი შედეგების მიღწევა უფრო მარტივი იქნება“,-განაცხადა ლალი ბუთბაიამ.
საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში მიესალმება აღნიშნული ორგანიზაციის დაფუძნებას.
„მივესალმები ახალი დიასპორული ორგანიზაციის World of Diaspora დაარსებას, გამოვხატავ მადლიერებას მისი დამფუძნებლების მიმართ და წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალ საქმიანობაში. ზოგადად, დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება, უცხოეთში ჩვენი თანამემამულეების კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გარშემო, მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების პროცესში თუ არსებული გამოწვევების დაძლევაში, უკიდურესად მნიშვნელოვანია და ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს ნებისმიერ საინტერესო წამოწყებას, რომელიც საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. სასიხარულო და იმედის მომცემია World of Diaspora-ს მესვეურთა დიდი ენთუზიაზმი ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ მათ“,-განაცხადა საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ.
World of Diaspora-ს თანადამფუძნებელი იზოლდა კვიციანი კი აცხადებს, რომ ყველა ერთ აზრზე იმყოფება-კონფლიქტის მოგვარება აუცილებელია. „ამ თემაზე ხშირად ვიწყებ საუბარს, რომ არსებული რეალობა აზარალებს ქართველებსა და აფხაზებს. ქართველებს, ოსებს და აფხაზებს მხოლოდ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გვაქვს გასაყოფი. რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში გაფუჭდა ომით - ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამოვასწოროთ. ამ ორგანიზაციის არსებობით შევეცდებით გავაერთიანოთ მსოფლიო დიასპორა და კონფლიქტური საკითხების გადაწყვეტაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“,-აღნიშნა იზოლდა კვიციანმა.
კიდევ ერთი დამფუძნებელი 25 წლის ნინო უბილავაა, რომელიც მარკეტინგული კომპანია The Branding Plug მფლობელია და აქტიურად იქნება ჩართული World of Diaspora-ს საქმიანობაში.
„ჩვენი სურვილია ყველა სამთავრობო ორგანიზაციასა თუ კერძო სტრუქტურასთან ერთად შევქმნათ ძლიერი ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია მსოფლიოში მიგრანტებისა და ემიგრანტების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ჩვენ ამის მიზანი და რესურსი გაგვაჩნია“,-აღნიშნა ნინო უბილავამ.
World of Diaspora-ს პროექტებში აქტიურად იქნება ჩართული მწერალი გურამ ოდიშარია.
„ჩემთვის პატივია მათთან თანამშრომლობა და მინდა წარმატებები ვუსურვო. ლალი ბუთბაია და იზო კვიციანი ჩემთვისაც და ყველასთვის სამაგალითონი არიან”, - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.
სპეციალურად თბილისიდან ჰოლანდიაში დიასპორის წარმომადგენლებისთვის შემოქმედებით საღამოს მომღერალი ლაშა ღლონტი გამართავს.
World of Diaspora-ს პრეზენტაცია 5-6 ოქტომბერს ამსტერდამსა და ჰააგაში გაიმართება.