არჩილ თალაკვაძე - გვსურს, მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც თითოეული მოქალაქის ბიუჯეტი იქნება, სადაც თავს ყველა მოქალაქე დაინახავს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საშემოდგომო სესიაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებისთვის საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევისა და სამუშაო გეგმის გაცნობისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არსებობს ახალი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანომ ეფექტური საპარლამენტი ზედამხედველობა განახორციელოს. თალაკვაძის შეფასებით, ეს საკითხი 10 გამოწვევას შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

„ჩვენ გვაქვს ახალი რეგლამენტი და ახალი ინსტრუმენტები, რომ განვახორციელოთ საპარლამენტო ზედამხედველობა ხელისუფლებაზე. მე რამდენიმე მათგანს ჩამოვთლი, რაზეც საზოგადოებამ შესაძლოა იცის კიდეც. ეს არის ინტერპელაცია, როცა პარლამენტი უსვამს კითხვას მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს და ჩვენ გვინახავს უკვე პარლამენტში პრემიერ-მინისტრი, როდესაც პლენარულ სესიაზე ამ კითხვებს პასუხობდა. ამ ინსტრუმენტს ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ საშემოდგომო სესიის ფარგლებში. ეს არის თემატურ მოკვლევები. უკვე გააკეთეს კომიტეტებმა რამდენიმე ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მოკვლევა. ჩვენ გვაქვს „მინისტრის საათის“ ფორმატი. გუშინ ვუსმენდით კაბინეტის წევრს და ნახეთ მთელი დღის განმავლობაში პარლამენტს აქვს საშუალება, რომ ნებისმიერი შეკითხვა დაუსვას კაბინეტის ნებისმიერ წევრს და საზოგადოებამ მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც აინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო კონტროლის ძლიერი მექანიზმები, ეს არის სახალხო დამცველის ოფისი, ეს არის აუდიტის სამსახური. მე ვფიქრობ და ჩვენ ამაზეც შეთანხმებულები ვართ, რომ აუდიტის ანგარიშები და აუდიტორის ანგარიშები, ბევრად აქტიურად იქნება გამოყენებული საშემოდგომო სესიაზე და მომავალში, ვინაიდან ბიუჯეტის და ჩვენი საზოგადოების გადასახადების ეფექტიანი ხარჯვა, ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება მომავალში. ჩვენი ქვეყანა უკვე არის განვითარების იმ ეტაპზე, სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თუ რამდენად ეფექტიანად იხარჯება გადასახადები, სახელმწიფო ბიუჯეტი, არამხოლოდ როგორ იხარჯება და იხარჯება თუ არა დაგეგმილი სტრუქტურით. იხარჯება თუ არა ისე, როგორც დაიგეგმა, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, იხარჯება თუ არა ის ეფექტიანად და შედეგები, რომლის მიღწევაც ამ ფულით შეიძლება, არის თუ არა მიღწეული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტში არის ასევე ნდობის ჯგუფი, რომელიც ახლა განახლდა და ნდობის ჯგუფიც გააკეთებს თავის მაქსიმუმს, რათა უსაფრხოების სექტორი და ძალოვანი სექტორი, იყოს მაქსიმალური ზედამხედველობის ქვეშ.

„შემდეგი საკითხი, არის 2020 წლის ბიუჯეტი, სადაც კოლოსალური სამუშაოა გასაკეთებელი საშემოდგომო სესიაზე, რათა მივიღოთ დაბალანსებული ბიუჯეტი, მივიღოთ ისეთი ბიუჯეტი, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ მონაცემებს, მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის ბიუჯეტი, სადაც თავის თავს ყველა მოქალაქე დაინახავს. თავის თავს დაინახავენ სტუდენტები და ახალგაზრდები, როდესაც განათლებაში ჩვენ ვაპირებთ ბიუჯეტის ძალიან სოლიდური ნაწილის ჩადებას. თავის თავს დაინახავენ პენსიონერები. პარლამენტს გვინდა, მხარი დავუჭიროთ პენსიების გაზრდას მომავალი წლიდან და საკმაოდ ხელშესახებ გაზრდას. ჩვენ ასევე გვინდა ინფრასტრუქტურულ განვითარებას მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი და ინფრასტრუქტურის პრობლემები, რომლებიც არის სოფლებში, ქალაქებში გადაიჭრას მომავალ წელსაც ისევე აქტიურად, როგორც ეს კეთდებოდა წელს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა