ანა დოლიძე პარლამენტში დაგეგმილ  მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე -  გამოგვეცხადებიან „ოცნების“ ოქტომბრელები და საბჭოთა სტილში მისცემენ ხმას ამ ადამიანებს

იმედია, „ოცნებას“ ეყოფა გონი და 10-ზე მეტ მოსამართლეს არ დანიშნავენ,- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ანა დოლიძის შეფასებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, რომელიც ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა დაიწყოს, ფასადური იქნება და საბჭოთა სტილში წარიმართება.

„ეს იქნება საბჭოთა სტილში წარმართული მოსმენები, იმ გაგებით, რომ გამოგვეცხადებიან „ოცნების“ ოქტომბრელები და რაც არ უნდა მსჯელობა იყოს, მე მგონია, რომ საუკეთესო საბჭოთა სტილში „ქართული ოცნების“ დეპუტატები მისცემენ ხმას ამ ადამიანებს, რომლებიც შერჩეულნი არიან ზუსტად ისე ფასადურად, როგორც ეს საბჭოთა დროს ხდებოდა. არჩილ თალაკვაძეს, რომელიც გვევლინება საუკეთესო ოქტრომბრელის სახედ, წესით უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, როგორ გამოიყურება საბჭოთა პროცესები. ძალიან ცუდია, რომ მას ეს არ ახსოვს, ან არ სურს გაიხსენოს. ეს პროცესი, როგორც იუსტიციის საბჭოში, თავიდან ბოლომდე ფასადური იქნება. ისინი უკვე ჩამოყალიბებულნი არიან, ვის უნდა მისცენ ხმა“,- აცხადებს ანა დოლიძე.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და 10-ზე მეტ მოსამართლეს არ დანიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ანა დოლიძე ამბობს, ახალი ხელისუფლება მათ „ლეგიტიმურად გაუშვებს სახლში“

„ეს დანიშვნა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაინიშნა 10-ზე მეტი ადამიანი, იქნება ძალიან დროებითი. მე ვფიქრობ, თუ ესენი გაბედავენ 20 კაცის დანიშვნას, შემდეგი ხელისუფლება ლეგიტიმურად გაუშვებს მათ სახლში - თუ გადაუხვევენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას(ეს არ არის არც ჩემი და არც ნაზი ჯანეზაშვილის რეკომენდაციაზე). იყო შიგნით („ქართული ოცნების“ გუნდში) მსჯელობა და იმედი მაქვს, შექმნიან საფუძველს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. ამისთვის იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომ არ გვქონდეს რყევები. იმედია, „ოცნებას“ ეყოფა გონი და ამ სტაბილური განვითარებისთვის შექმნიან საფუძველს, რომ 10-ზე მეტ მოსამართლეს არ დანიშნავენ,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

23 სექტემბრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პალამენტის წევრების გარდა, კითხვებს დაუსვამენ, ასევე, კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და სამეცნიერო სფეროს ორი წარმომადგენელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო