ბათუ ქუთელია - პრეზიდენტი დაბარებული უნდა იყოს პროკურატურაში თუ ადგილზე გამოიკითხოს, ეს იურიდიული კაზუისტიკაა, მთავარია, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს

"დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, გამოძიების უმეტესობა, რომელსაც ასეთი სკანდალური და პოლიტიკური კონოტაცია ჰქონდა, რომელზეც პასუხისმგებელი თვითონ "ქართული ოცნების" გუნდია, ბოლომდე მიყვანილი არავის ახსოვს", - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა. მან ისაუბრა პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტზე და პროკურატურის მიერ აღნიშნული საკითხით დაინტერესებაზე.

"დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, გამოძიების უმეტესობა, რომელსაც ასეთი სკანდალური და პოლიტიკური კონოტაცია ჰქონდა, რომელზეც პასუხისმგებელი თვითონ "ქართული ოცნების" გუნდია, ბოლომდე მიყვანილი არავის ახსოვს. უფრო ფართო კონტექსტში შევხედავდი შეწყალების პრობლემას - დღევანდელი ხელისუფლების პირობებში (და სალომე ზურაბიშვილიც "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი იყო), ყველა ინსტიტუციის დისკრედიტირება ხდება, ხოლო სახელმწიფო ხდება მოწყვლადი ჰიბრიდული გამოწვევებისა და რუსული ზეწოლის წინაშე მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები სუსტია. ასეთი გადაწყვეტილებები ბოლომდე აკნინებს ისეთ ინსტიტუციებს, როგორიცაა პრეზიდენტის, უმაღლესი მხედართმთავრის ინსტიტუტი, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ ყოფილი რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები იწყებენ იქ მუშაობას, როგორც მთავარი მრჩევლები. ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი ყველასთვის, ვინც მუშაობს საჯარო სექტორში, ვინც სამოქალაქო აქტივისტია, მედია და ა.შ", - განაცხადა ქუთელიამ.

მანვე უპასუხა კითხვას, მისი აზრით, უნდა გამოიკითხოს თუ არა პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით.

"თუ ვსაუბრობთ ინსტიტუციურ პროცესზე, როდესაც ხდება ისეთი დანაშაული ან გამოძიება, რომელსაც ფართო საზოგადოებრივი ინტერესი აქვს, პროცესის გამჭვირვალობიდან გამომდინარე, უნდა იყოს შემუშავებული გამჭვირვალე პროცედურა. დაბარებული იყოს თუ ადგილზე გამოიკითხოს, ეს იურიდიული კაზუისტიკაა, მაგრამ მთავარი ამოცანაა, ყველა კითხვას, რაც საზოგადოებაშია, გაეცეს ამომწურავი პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუცია და მისი უფლებამოსილებებიც იქნება ბოლომდე დისკრედიტირებული, რაც ჯამში ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს", - აღნიშნა ქუთელიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო