ირმა ნადირაშვილი - გამოკითხვისას წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე დიმიტრი გაბუნიათი და პრეზიდენტით

“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს და ბიძინა ივანიშვილმა უნდა მოიფიქროს ახლა აპირებს თუ არა, რომ დიმიტრი გაბუნიას და სალომე ზურაბიშვილს მოთხოვოს პასუხი ასეთ სკანდალურ გადაწყვეტილებაზე”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მან გამოკითხვაზე არ დაასახელა იმ წყაროს ვინაობა, რომელმაც მას ინფორმაცია მიაწოდა.

“გავა დრო და ვნახავთ, დაიბარებენ თუ არა ბატონ გაბუნიას და პრეზიდენტს პროკურატურაში ახსნა-განმარტებების მისაცემად. წყარო არ დავასახელე და განვუმარტე კიდეც გამომძიებელს, რომ კანონი მაძლევს უფლებას, დავტოვო ჩემი წყარო საიდუმლოდ. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ინფორმაცია სწორედ ამ პირობით მივიღე, რომ არ გავასაჯაროებდი წყაროს და მეორე, ესეც დაკითხვის ოქმშია ჩაწერილი, რომ მე არ მინდა, ეს ადამიანი დევნის ობიექტი გახდეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ და დაკითხვის შემდეგ მე მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, როდესაც წყარო არ დავასახელე, რადგან ბოლო კითხვები იყო ისეთი, რომ ამ წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით”,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ საიდან ფლობდა წყარო არსებულ ინფორმაციას, ნადირაშვილმა უპასუხა, რომ მის წყაროს თავად სურდა ახლობელს დახმარებოდა შეწყალების მოპოვებაში და დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს ინფორმაციის მისაღებად, თუ რა საბუთები იყო საჭირო ამისთვის.

“ჩემმა წყარომ ჩემზე გამოსვლა გადაწყვიტა ამ სკანდალური შეწყალებების შემდეგ და მან მითხრა, რომ უნდოდა ჩემთვის ინფორმაციის მოწოდება. კომუნიკაციის დროს მითხრა, რომ თვითონაც სურდა დახმარებოდა თავის ახლობელ ოჯახს, რომ მიეღო შეწყალება და დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს ინფორმაციის მისაღებად რა საბუთები უნდა მიეღოთ, როგორ უნდა გადაედგათ ნაბიჯები შეწყალების მისაღწევად და ადვოკატმა უთხრა, რომ ძალიან მარტივი იყო დაკავშირებოდა გაბუნიას ერთ-ერთ პარტნიორს, რომელთან ერთადაც საადვოკატო ბიური ჰქონდა და ამ პარტნიორის საშუალებით გასულიყო გაბუნიაზე და ასეთი წესით მიეღო შეწყალება. ინტერპრეტაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს პარტნიორი პაატა სალია არ გახლავთ. პაატა სალია ნამდვილად არ არის, ის რასაც აკეთებს, ეყოფა. რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც არის, მაგრამ ვერ დაგეხმარებით ისეთი ინფორმაციის მოწოდებაში, რომელიც ჩემი წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება პროკურატურას. ასევე, ჩემს წყაროს უთხრეს, რომ კონტაქტი ხდება ამ პარტნიორთან და შემდეგ პარტნიორს მიაქვს ამბავი გაბუნიამდე და შემდეგ კანტორა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეძახიან, იქცევა “პატიოსნად” და ფულს აიღებენ მხოლოდ იმის მერე, როდესაც მსჯავრდებული დატოვებს პენიტენციალურ დაწესებულებას. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე”,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრის განცხადებით, მან არ იცის, ისარგებლა თუ არა შემდგომ მისმა წყარომ ამ სქემით ახლობლის დასახმარებლად.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა