ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის მიერ მოსამართლეობის თუნდაც ერთი კანდიდატის დამტკიცება, იქნება ფარსში თანამონაწილეობა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, იუსტიციის საბჭოს მიერ „არალეგიტიმური პროცესის შერჩევის შედეგად შერჩეულ არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სპიკერმა, ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს“ ოფისში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გაიმართა.

ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ფარსი უწოდა და განაცხადა, რომ მოცემული სიიდან თუნდაც ერთი კანდიდატის დამტკიცება პარლამენტის მიერ, იქნება აღნიშნულ ფარსში თანამონაწილეობა და დააკანონებს სასამართლო სისტემის მითვისებას მმართველი პარტიის მხრიდან.

მისივე თქმით, შექმნილი კრიზისი უპირველესად იმან განაპირობა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების უმრავლესობა არაკეთილსინდისიერია.

„მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებთან გასაუბრება იყო ღია, გადაიცემოდა მედიით და შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, რომ თვალი ედევნებინათ პროცესისთვის, შერჩევის პროცესმა საზოგადოებაში ვერ გააჩინა მინიმალური სანდოობაც კი. ამას ადასტურებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლების კრიტიკული შეფასებები პროცესის მიმართ, ამას ადასტურებს სახალხო დამცველის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველივე ეტაპზე ძალიან ბევრ კითხვის ნიშანზე მიუთითებდა შერჩევის პროცესში. ჩვენ ხელთ გვაქვს ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასკვნა, რომელიც არის ძალიან კრიტიკული და მიუთითებს გასაუბრების პროცესში არსებულ არაერთ უხეშ შეცდომასა და პრობლემაზე, იქნებოდა ინტერესთა კონფლიქტის ნაწილი, არათანაბარი მიდგომა კანიდიდატების მიმართ, ცალსახა მიკერძოება საბჭოს წევრების მხირდან კონკრეტული კანდიდატების მისამართით.

ჩვენ გვინდა საზოგადოებას ის ნათელი სურათი გავაგებინოთ, რომელიც ამ პროცესმა აჩვენა. ყველასთვის ნათელია, რომ შერჩევის პროცესი წარმოადგენდა ფარსს. ნათელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიზანი ამ პროცესში მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციის შესრულება არ იყო. ნათელია, რომ შექმნილი კრიზისი გამოიწვია არა მხოლოდ კანონში მიზანმიმართულად დატოვებულმა პრობლემებმა, არამედ უპირველესად იმან, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების უმრავლესობა არაკეთილსინდისიერია და უკვე წლებია აზიანებენ მართლმსაჯულების ინტერესებს. მოცემული სიიდან თუნდაც ერთი კანდიდატის დამტკიცება პარლამენტის მიერ, იქნება აღნიშნულ ფარსში თანამონაწილეობა და დააკანონებს სასამართლო სისტემის მითვისებას მმართველი პარტიის მხრიდან,“ -განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა დღეიდან დაიწყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა.

იხილეთ ვიდეო

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა