ლევან გოგიჩაიშვილი თამარ ალანიას - სააკაშვილი იმიტომ იყო სააკაშვილი, რომ თქვენ არსებობდით - თქვენ რომ ცოტა გამბედავი ყოფილიყავით, არავის მოკლავდნენ, არავის აწამებდნენ

იცით, რატომ არ მინდა გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე? - თქვენ არ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის წარსული, როგორც მოსამართლე, - ასე მიმართა პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას.

როგორც გოგიჩაიშილმა აღნიშნა, ალანია რომ ცოტა გამბედაობის მქონე ადამიანი ყოფილიყო, არც სანდრო გირგვლიანს მოკლავდნენ, არც ვაზაგაშვილს ჩაცხრილავდნენ და ციხეებში არ აწამებდნენ ასობით ადამიანს.

„იცით, რატომ არ მინდა გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე? - თქვენ არ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის წარსული, როგორც მოსამართლე და არა როგორც პიროვნება. როგორც მოსამართლე, თქვენ ჩემი ქვეყნისთვის იქნებით პრობლემა, ვიდრე სიკეთე. როდესაც გქონდათ შანსი ყოფილიყავით გამბედავი, თქვენ ეს გამბედაობა არ გამოიყენეთ, თქვენ როდესაც გქონდათ შანსი ადამიანებს დახმარებოდით - არ დაეხმარეთ. როდესაც გქონდათ შანსი ადამიანები დაგეცვათ, როდესაც მოდიოდნენ თქვენთან დასისხლიანებულები, ნაცემები, გლდანის ციხიდან - თქვენ ამ ადამიანების მიმართ არ ავლენდით ემპათიას. თქვენს გამო ათასობით საჩივარი შედიოდა სტრასბურგის სასამართლოში. თქვენ იყავით იმ სისტემის ნაწილი. სააკაშვილი იმიტომ იყო სააკაშვილი, რომ თქვენ არსებობდით. თქვენ რომ ყოფილიყავით გამბედავი ადამიანი, სააკაშვილი და ადეიშვილი არ იქნებოდნენ იმ ფორმით, რა ფორმითაც, ქართულმა საზოგადოებამ მერე ამ ადამიანებს ლაგამი ამოსდო და ისინი სწორად არიან მართლმსაჯულების მხრიდან დევნილები. თქვენ რომ ყოფილიყავით ცოტა გამბედაობის მქონე ადამიანი, ამ ქვეყანაში არც სანდრო გირგვლიანს მოკლავდნენ, არც ვაზაგაშვილს ჩაცხრილავდნენ, არც იმ 150 ადამიანს ჩაცხრილავდნენ, არც ადამიანებს გააუბედურებდნენ და აწამებდნენ ციხეში. ამ უპრინციპობის გამო დამიტოვეთ უფლება, რომ გითხრათ - თქვენ არ ხართ ჩვენი სასამართლოს მომავალი და თქვენ არ ხართ მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, როგორც მოსამართლე“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის ამ განცხადებაზე თამარ ალანიამ უპასუხა, რომ „ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებები აბსოლუტურად მცდარია და არანაირ სტატისტიკას ის არ ეყრდნობა“.

„გამამართლებელ განაჩენებს სპეციალურად არ ვახსენებ, თუმცა ეს შესაძლებელია კვლევის საგანი გახდეს და ღია ვარ ამისთვის. უნდა გავიხსენოთ ის კრიმინალური სიტუაციაც, რაც არსებობდა, ადამიანებს ეს ავიწყდებათ ეტყობა. მოგეხსენებათ, როგორი კორუფცია არსებობდა, რომლის მიმართაც შეიძლება დღეს ვინმეს ნოსტალგია გააჩნდეს. ძალიან გთხოვთ, მოზომილები ვიყოთ სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს ძალიან მძიმე ტვირთი აკისრია. არ მგონია, მოსამართლეების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი სწორი იყოს“, - განაცხადა ალანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო