პარლამენტში „2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი შევიდა

საქართველოს პარლამენტს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი წარედგინა.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია და კვლავაც ნარჩუნდება 4.5%-ის ფარგლებში, ამასთან, იზრდება ცალკეული სამინისტროების ხარჯების მაჩვენებლები.

„მაკროეკონომიკური ზრდის პარამეტრი იგივეა და 4.5%-ს ფარგლებში შეადგენს. ცვლილებაა ასიგნებებში, 223 მილიონით იზრდება ხარჯების ნაწილი - 13 მილიარდ 300 მილიონ ლარს აღწევს. იზრდება რამდენიმე სამინისტროს ხარჯები, ესენია: განათლების, ჯანდაცვის სამინისტროები, იუსტიციის სამინისტრო. ამასთან, მცირდება ეკონომიკის სამინისტროს ხარჯები. ყველა კომიტეტს ექნება საშუალება რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩაერთოს,“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა, კანონპროექტის შედეგად 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება მოხდება.

კერძოდ, მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 131.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 639.5 მლნ ლარით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება ჯამში არ შეცვლილა და განისაზღვრა 2 000.0 მლნ ლარით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება მცირდება 116.5 მლნ ლარით და განისაზღვრება 253.1 მლნ ლარით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 340.1 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1.2 მლნ ლარით მეტია გრანტების ნაწილში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამტკიცებული ასიგნება იზრდება 10.0 მლნ ლარით იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად (ამ პროგრამისთვის სულ ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 67.9 მლნ ლარი). სამინისტროს ასიგნება სულ შეადგენს 3 978.4 მლნ ლარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 25.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 766.6 მლნ ლარით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დამტკიცებული ასიგნება იზრდება 10.0 მლნ ლარით და შეადგენს 191.1 მლნ ლარს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება იზრდება 7.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 143.5 მლნ ლარით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, კრედიტის ნაწილში მცირდება 40.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 835.0 მლნ ლარით.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამტკიცებული ასიგნებები გაიზარდა 2.2 მლნ ლარით და შეადგენს 8.2 მლნ ლარს. აღნიშნული ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში