სულხან სალაძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი შეიძლება მხოლოდ მაშინ დაიძრას, თუ პროკურატურა დაადგენს, რომ შეწყალება იყო არა ჰუმანური აქტი, არამედ „სხვა მიზნების მატარებელი“

თუ გამოძიება მივა იმ დასკვნამდე, რომ შეწყალება პრეზიდენტის მხრიდან არა ჰუმანური აქტი, არამედ სხვა მიზნების მატარებელი იყო, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება მისი იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს. შესაბამისი განცხადება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გააკეთა.

მისივე განმარტებით, გენერალური პროკურატურის შესაბამისი დასკვნის გარეშე, მხოლოდ ცალკე აღებული შეწყალება იმპიჩმენტის საფუძველი ვერ გახდება.

„შეიძლება გარკვეული ჯგუფები საუბრობდნენ სხვადასხვა ტიპის ინტერესზე, შესაძლო კანონის დარღვევაზე, მაგრამ, ვიდრე ეს კომპეტენტური ორგანოების მიერ ოფიციალურად არ დადასტურდება, საუბარი იმპიჩმენტზე ან სხვა მოვლენებზე რთული იქნება. თუ გამოძიება მივა იმ დასკვნამდე, რომ მსგავსი ტიპის მოვლენებს ჰქონდა ადგილი, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება აბსოლუტურად სხვა ტიპის პროცედურები დაიწყოს. ამის დაწყებას თავად გამოძიების მხრიდან სჭირდება გადაწყვეტილების მიღება, სადაც დადასტურდება, რომ ამ კონრეტულ შემთხვევაში იყო ისეთი მოქმედება, რა დროსაც ადგილი ჰქონდა დანაშაულის ნიშნებს. ვფიქრობ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. მხოლოდ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, ცალკე აღებული შეწყალება ვერ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. არ ვსაუბრობ მოგვწონს თუ არ მოგვწონს გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტული პირების შეწყალებას უკავშირდება. ეს არ არის ამ წუთში მსჯელობის საგანი. ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება თუ არა შეწყალების აქტის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი დადგეს.

დღეს მოცემულობა ასეთია: თუ გამოიკვეთება ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არსებითად შეცვლის სურათს და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეწყალება ჰუმანური გადაწყვეტილება კი არ იყო პრეზიდენტის მხრიდან, არამედ ის სხვა მიზნებს ემსახურებოდა, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, სხვა სამართლებრივი მოცემულობა დადგეს”, - განაცხადა სულხან სალაძე.

სულხან სალაძის განცხადებით, ამ საქმეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ახლავს და აუცილებელია, რომ საქმეზე საჯაროობა და საზოგადოებისთვის პერიოდულად ინფორმაციის მიწოდება პრინციპულად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო