ზაზა გაბუნია ევროსაბჭოს კონგრესის გენმდივანს - მოხარული ვარ, რომ გხედავთ თბილისში, როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გულშემატკივარს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ ევროპის საბჭოს 70 წლის, ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ევროსაბჭოს გენმდივანს მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

როგორც ზაზა გაბუნიამ გამოსვლაში აღნიშნა, ევროსაბჭოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ გხედავთ თბილისში, როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გულშემატკივარს. სწორედ ახლა როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მუშაობს რეგიონების განვითარებისთვის, მუნიციპალიტეტების გაძლიერებისთვის და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი მზად არის დასამტკიცებლად, თქვენი საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფზე ისაუბრა, რომელიც 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. გაბუნიას თქმით, ჯგუფმა მთავრობის მიმართ რეკომენდაციები და შეთავაზებები მოამზადა, რომელიც თვითმმართველი ერთეულის როლის გაზრდას საჯარო და ადგილობრივი საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებასა და ამისათვის სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვას, ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფას შესაბამისი მატერიალური, ქონებრივი, ფინანსური რესურსებით და უფრო სანდო, უფრო ანგარიშვალდებული, უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა.

ზაზა გაბუნიამ ასევე ისაუბრა იმ სამუშაოზე, რომლითაც თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის რატიფიკაცია მოხდა.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტმა ჩვენი ინიციატივით გამოიყენა რეკომენდაციის ფორმა მთავრობისადმი და მოხდა ევროპული დოკუმენტის რატიფიცირება. ჩვენ წინ გვაქვს ევროპული ქარტიის დამატებით კიდევ ხუთი პუნქტის რატიფიცირება, რაზეც ახლა აქტიურად მუშაობს ჩემდამი რწმუნებული კომიტეტი. ეს მნიშვნელოვანი მუხლებია, რადგან რამდენიმე მათგანი პირდაპირ უკავშირდება დეცენტრალიზაციის რეფორმით გათვალისწინებულ ამოცანებს“, -აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

ათეა-სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ევროპული კვირეულის ფარგლებში ეწყობა, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ვაჰაგ მურადიანი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა