კახა კალაძემ ევროსაბჭოს კონგრესის საიუბილეო კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისის მერი თავის სიტყვაში ევროპის საბჭოსა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს შეეხო, როგორიცაა საქართველოს კონსტიტუციის დახვეწის პროცესი, ქართული საარჩევნო სისტემის ფორმირება, სასამართლოსა და პენიტენციური სისტემების რეფორმები. კახა კალაძემ, ასევე ხაზი გაუსვა ეროვნულ დონეზე ქალთა მეტი ჩართულობის სტრატეგიის შემუშავების ფაქტს და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომები, ევროპის საბჭოს აქტიური მხარდაჭერით, ხელს უწყობს ქვეყანაში თანაბარი მონაწილეობის პრაქტიკის დამკვიდრებას.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, კონგრესის, როგორც ევროპიის საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა ინსტიტუციისა და საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. ეს გამოიხატება საქართველოს მხარდაჭერაში დეცენტრალიზაციის წარმატებული რეფორმის განხორცილების პროცესში, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებაში.

მთავარი საყრდენი, რასაც დემოკრატია ეფუძნება, არის ადამიანის უფლებები და თანაბარი მონაწილეობა. ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ქალთა მეტი ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში ეფეტურად მუშაობენ გენდერული საბჭოები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში განუხრელად იზრდება ქალთა წარმომადგენლობა არჩევით ორგანოებში. ჩვენი ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების კომიტეტთან და ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი ოფიციალურად შეუერთდება თანასწორი მონაწილეობის ევრიოპულ ქარტიას, რაც კიდევ უფრო სისტემურს გახდის ქალთა მონაწილეობას ადგილობრივ ცხოვრებაში. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელებიც, რა თქმა უნდა, მივესალმებით ქალების ჩართულობას როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. პოლიტიკაში მათი ჩართულობა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მინდა აღვნიშნო, რომ ქალები უფრო აქტიურები არიან.

ის, რომ საქართველო, ბოლო წლებში, დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამორჩეულ მაგალითად იქცა, სხვადასხვა ამბიციური, წარმატებული რეფორმების გატარებით დასტურდება. მათ შორის ყველაზე მთავარი მიმართულებებია: მერის პირდაპირი წესით არჩევა, უფლებამოსილებათა გადაცემა ადგილობრივ დონეზე, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ბოლოს, რეგიონის მასტაბით უპრეცედენტო რეფორმა, დამატებული ღირებულების გადასახადის მნიშვნელოვანი წილის გადაცემა ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის.

ცხადია, ამით არ მთავრდება საქართველოს მთავრობის ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად. ამ დღეებში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დეცენტრალზიაციის ახალ, ამბიციურ სტრატეგიას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დემოკრატიის გაძლიერების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს კონგრესს და აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობის ახალ ეტაპზე, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, არაერთი წარმატებული მაგალითი შეიქმნება.

თავის მხრივ, ქსავიერ კადორემ ქართულ მხარეს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილე მიულოცა და ევროპის საბჭოსგან დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით რეფორმების განხორცილებაში აქტიურ მხარდაჭერას დაპირდა. მისი თქმით, ევროპის საბჭოს კონგრესისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს უკვე აქვს დეცენტრალიზაციის ქარტია.

ქსავიერ კადორემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე.

„სიტუაცია ქვეყანაში არ არის მარტივი, რადგან ის იბრძვის თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს საკითხი ევროსაბჭოსთვის პრიორიტეტულია. ამ საკითხში ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო სამართალს. ევროპის საბჭო დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს“, - აღნიშნა ქსავიერ კადორემ.

ათეა-სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ევროპული კვირეულის ფარგლებში ეწყობა, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

საიუბილეო ღონისძიებაზე ათეა-ს პრეზიდენტთან, კახა კალაძესთან და ვიცე-პრეზიდენტებთან - გიორგი ტყემალაძესთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა - ქსავიერ კადორემ და ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანმა - ანდრეას კიფერმა, ასევე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა გაბუნიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ვაჰაგ მურადიანმა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია ,,ევროპის საბჭოს კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში“, სადაც ხელი მოეწერა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობები ვალდებულებას იღებენ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში გაატარონ ღონისძიებები და ითანამშრომლონ თანასწორობის გასაუმჯობესებლად.

მერიის ცნობით, დელეგაციის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის პირველ პირებთან, სადაც მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხზე იმსჯელეს.

ვიზიტის დასასრულს ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო