ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 7.5 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აღნიშნულის მიზეზად, ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების შედეგად არსებულ ინფლაციურ მოლოდინებს ასახელებს.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასულ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. როგორც კომიტეტის 4 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე. ამავე დროს, კომიტეტმა, საჭიროების შემთხვევაში, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობაზეც აღნიშნა.

კომიტეტის გასული სხდომის შემდეგ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც, ინფლაციური მოლოდინები კვლავ სახეზეა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებიდან მომდინარე ინფორმაციას და საჭიროების შესაბამისად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

საგარეო სექტორის მონაცემები კვლავ პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებაზე მიუთითებს. კერძოდ, აგვისტოს თვეში გაგრძელდა საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით ხელს უწყობს გაცვლითი კურსის გამყარებას და, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს,”-აცხადებენ სებ-ში.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება.

იხილეთ ვიდეო: ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 7.5 პროცენტამდე ზრდის

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა