ვანო მაჭავარიანი - საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოახერხო, რომ გაერო-ში შენს გამოსვლას რუსეთის დელეგაციამ მთქნარებით არ უსმინოს

გიორგი მარგველაშვილს საერთაშორისო არენაზე გაცილებით მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა გუშინ აჩვენა, მაგრამ წინა პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის მისადმი პიროვნული დამოკიდებულების გამო, არ მიეცა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის საშუალება, - ამის შესახებ ექსპერტმა საერთშორისო საკითხებში, ვანო მაჭავარიანმა „ინტეპრესნიუსთან“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, იმ ფონზე, რომ მარგველაშვილს თავისი პრეზიდენტობის დროს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა და ნაცვლად ამისა, „სალომე ზურაბიშვილის უღიმღამო გამოსვლის“ მოსმენა მოგვიწია, „საქართველოსთვის ძალიან დიდი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იყო“.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში იყო ძალიან არაკონკრეტული შეთავაზებები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რაც უბრალოდ გაერო-ს გენერალური ასამბლეის არაეფექტიანად გამოყენების წინაპირობაა. ფაქტია, რომ პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა ძალიან სუსტი იყო. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილისგან განსხვავებით მიეცათ მისთვის უფლება, რომ სწორედ სახელმწიფო მეთაურს ესაუბრა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. ეს არ ხდებოდა პრეზიდენტ მარგველაშვილის დროს, რომლის გამოსვლები იყო გაცილებით ეფექტური და შინაარსიანი, ის ეფექტურად მუშაობდა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, ძალიან აქტიური იყო საერთაშორისო არენაზე და სწორედ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისადმი დამოკიდებულების გამო, საგარეო უწყებამ, მაშინდელი მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის და შემდგომ მინისტრის ჩართულობამ ამ საკითხში, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სახელმწიფო მეთაურს, პრეზიდენტ მარგველაშვილს არ მისცემოდა საშუალება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის. მას, პრეზიდენტის უფლებამოსილებით, გაცილებით მეტი შესაძლებლობა ჰქონდა და ვალდებულება, რომ წარმოედგინა ქვეყანა საერთაშორისო არენაზე და 5 წლის განმავლობაში არ მიეცა ამის საშუალება. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რადგან ვხედავთ შედარებას, რა უღიმღამო გამოსვლა ჰქონდა ზურაბიშვილს და საქართველოსთვის ძალიან დიდი შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაა ამ ფონზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ექსპერტის შეფასებითვე, საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას სიმწვავე, პრინციპულობა აკლდა და საქართველოს პრობლემატიკიდან გამომდინარე, მან ფაქტობრივად, „არაფერზე ისაუბრა“.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოახერხო, რომ შენს გამოსვლას „რუსეთის დელეგაციამ მთქნარებით არ უსმინოს“.

„ქალბატონმა ზურაბიშვილმა, თავისი გადმოსახედიდან ისაუბრა ყველაფერზე, რაზეც შეიძლებოდა ესაუბრა გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოს პრობლემატიკიდან და მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მან ისაუბრა არაფერზე. საქართველო პრეზიდენტმა, უნდა მოახერხო, რომ შენს გამოსვლას რუსეთის დელეგაციამ მთქნარებით არ უსმინოს. გამოსვლას აკლდა სიმწვავე, პრინციპულობა და იმ კონკრეტული საკითხების დღის წესრიგში დაყენება, რომელზეც საქართველოს დიპლომატიამ უნდა იმუშაოს მომდევნო წლების განმავლობაში. ეს არის არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ საგარეო უწყების და მათი წარმომადგენლობის პრობლემა, რომელთაც უნდა მიეღოთ აქტიური მონაწილეობა გამოსვლის ტექსტისა და შინაარსის შედგენაში. როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა