ირაკლი აბესაძე - საზოგადოების დაცინვააა, მოსამართლეობის კვალიფიციურ კანდიდატად წარმოადგინო პროკურორი, რომელმაც წლების განმავლობაში არაფერი გააკეთა

"ქართული ოცნება" დასცინის საზოგადოებას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს მამუკა ვასაძეს უსმენენ.

ირაკლი აბესაძის თქმით, აღნიშნული პროცესები კიდევ უფრო მეტად შეამცირებს იმ მინიმალურ ნდობას, რომელიც სასამართლოს მიმართ არსებობს საზოგადოებაში.

„საზოგადოების დაცინვააა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კვალიფიციურ კანდიდატად წარმოადგინო პროკურორი, რომელმაც წლების განმავლობაში არაფერი გააკეთა და ხელი დააფარა სასამართლოში საგამოცდო ტესტების მოპარვის და გაჟონვის ფაქტს, საზოგადოების დაცინვაა საზოგადოებას წარუდგინო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კეთილსინდისიერ კანდიდატად პროკურორი, რომელმაც არაფერი გააკეთა წლების განმავლობაში არასრულწლოვნის მკვლელობაზე, ხორავას ქუჩის საქმეზე მკვლელების დასადგენად, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამოსაძიებლად, რომლითაც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, თუ საჯაროდ აქტიური ადამიანების დაშანტაჟება ხდებოდა. ამ დაცინვის პარალელურად ეს არის სასამართლოს ავტორიტეტის კიდევ უფრო მეტად შებღალვა საზოგადოების თვალში, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს იმ მინიმალურ ნდობას, რომელიც სასამართლოს მიმართ არსებობს და კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ამ თვალსაზრისით იმ ჩიხს, რომელშიც სასამართლო სისტემაა შესული. ერთადერთი „პოზიტივი" „ქართული ოცნებისთვის" ეს არის მათი პოლიტიკური პირდაპირი გავლენების გაძლიერება სასამართლოში, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე აღმოჩნდებიან ჩინოვნიკები, რომლებსაც მსგავსი დანაშაულებრივი პოლიტიკური დაკვეთები აქვთ შესრულებული და პირდაპირ "ქართული ოცნებისგან" არიან დავალებული",-აცხადებს აბესაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობებს დაიკავებენ ადამიანები ორი ნიშნით: „კლანის“ წევრობითა და ყოფილი ჩინოვნიკობით, იმ პოლიტიკური დავალებების შესრულებით, რომელიც "მათ სანდოობას ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მიმართ ცხადს ხდის ". აბესაძის თქმით, 20 კანდიდატიდან ვინ დაიკავებს თანამდებობას, ამას უკვე კენჭისყრა აჩვენებს, თუმცა ყველა მათგანი ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს უსმენენ. მამუკა ვასაძე 2015 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს