პაატა ზაქარეიშვილი ლავროვთან შეხვედრაზე - აშკარაა, რომ სხვა გზა არ იყო, შეხვედრა უნდა გამართულიყო

საგარეო საქმეთა მინისტრმა რომ თქვა, ლავროვს იმიტომ შევხვდით, რომ რუსეთის ფედერაციისთვის სათქმელი პირდაპირ გვეთქვაო, აქამდე არ გვქონდა სათქმელი?! - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

ზაქარეიშვილის შეფასებით, საგარეო მინისტრების შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო დაძაბული ვითარების განსამუხტად.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ვერ მოაგვარებს, თუმცა ისეთი ვიწრო საკითხები, როგორიცაა მაგალითაც, ჩორჩანაში საგუშაგოების განთავსებისა და მავთულხლართების გავლების საკითხი, მსგავსი შეხვედრებით მოგვარებადია.

„ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები ასეთ შეხვედრებს, ადრეც უნდა ყოფილიყო. მინისტრმა თქვა, იმიტომ შევხვდით, რომ სათქმელი ვუთხარითო და სათქმელი აქამდე არ იყო?! აშკარაა, რომ სხვა გზა არ იყო. შეხვედრა უნდა გამართულიყო, რადგან ესკალაცია არის სერიოზული ამ საგუშაგოების დადგმის გამო. კარასინი-აბაშიძის შეხვედრები არ ტარდება, კარასინი პენსიაზე გავიდა და ჯერ არ ყოფილა კონტაქტი. აშკარად რუსული-ქართული დიალოგი არ დგებოდა და ამიტომ დაძაბულობა იზრდებოდა. ვითარება დაძაბული იყო. ეს არ იყო კარგი ვითარებიდან გამომდინარე შეხვედრა. საჭირო იყო რაღაც ნაბიჯების გადადგმა, რომ ვითარება განმუხტულიყო. თორემ არსებითი განსხვავება არ არის, ვის შორის შედგებოდა შეხვედრა. აბაშიძე როცა შეხვდებოდა ლავროვს, მაშინაც ამაზე ილაპარაკებდნენ, რაზეც ახლა ილაპარაკეს - დეესკალაციაზე მაგალითად. აქ ახალი არაფერი არაა.

დაძაბულობა ძალიან მაღალია და ასე დიდხანს გრძელდება. აუცილებელია ასეთი შეხვედრები და გარკვეულ პერიოდში გამოჩნდება შედეგები, რაზე იყო საუბარი. თუ განიმუხტება სიტუაცია გამყოფ ხაზთან და თუ შეწყდება დაძაბულობა ამ საგუშაგოების გამო, ე.ი. დავინახავთ, რომ ამ შეხვედრას აზრი ჰქონია. მე მიმაჩნია, რომ რაც უფრო ხშირად შეხვდებიან მოწინააღმდეგე მხარეები, კარგია. შეხვედრები თავისთავად არ არის გარანტია საკითხის მოგვარების, მაგრამ შეხვედრები რომ არ არის, კიდევ უარესია. ამიტომ მივესალმები და საჭიროა, გაგრძელება ამ ფორმით, რათა დაძაბულობის განმუხტვა მოხდეს. ამ შეხვედრებზე ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ მოგვარდება, მაგრამ ვიწრო საკითხები, როგორიცაა ჩორჩანას ტყეში საგუშაგოების დადგმა და მავთულხლართების გავლება, ასეთი საკითხები გვარდება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა