თორნიკე შარაშენიძე  ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - რას ვკარგავთ ამ შეხვედრით? „ბორდერიზაცია“ თუ შევაჩერეთ, უკვე ხეირია

რას ვკარგავთ ამ შეხვედრით? „ბორდერიზაცია“ თუ შევაჩერეთ, უკვე ხეირია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თორნიკე შარაშენიძემ აღნიშნა, საფრთხეს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ორმხრივ ფორმატში შეიძლება გადავიდეს, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, ვერ ხედავს.

„მე არ მგონია, რომ შემდეგშიც იყოს ორმხრივი შეხვედრები მინისტრების დონეზე. ეს იოლი არ იქნება, რადგან ამისთვის ოპოზიცია ზალკალიანს და „ქართულ ოცნებას“ შავ დღეს მოუწყობს, ამიტომაც იტყვის უარს შეხვედრებზე ხელისუფლება, რადგან სკანდალი საარჩევნო წელს არ სჭირდება,“- აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

შარაშენიძე მიიჩნევს, რომ შეხვედრის ინიციატივა რუსული მხრიდან იქნებოდა, რადგან მანამდე სწორედ ლავროვმა გააკეთა პოზიტიური განცხადებები ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ლავროვის მიერ მკაცრ ტონში გაკეთებულ განცხადებას, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ნატო-ზე საუბარი შეხვედრის არც ერთი მხარის ინტერესში არ შედიოდა.

„ნატო-ზე არ მგონია საუბარი ყოფილიყო. ამ ეტაპზე ნატო-ში ჩვენი შესვლა არის ძალიან რთული და ამის გამო ჩხუბს არც იმათი მხრიდან და არც ჩვენი მხრიდან აზრი არ ჰქონდა. ზალკალიანი ამბობს, რომ ისაუბრეს ოკუპაციაზე, ლავროვი ამბობს, რომ რეგიონული უსაფრთხოება განიხილეს - ეს გასაგებია, ლავროვი არ იტყვის სიტყვა ოკუპაციას, ხოლო ზალკალიანს რომ არ ეთქვა, რომ ოკუპაციაზე ისაუბრეს, მით უმეტეს, ტყავს გააძრობდა ოპოზიცია,“- აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.

მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი სავარაუდოდ, ურთიერთობების გამოსწორება იყო და თუ მხარეებმა დეესკალაციაზე ისაუბრეს, ეს ალბათ მოხდება.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება შეხვედრის შედეგად დეესკალაციის მოლოდინი გვქონდეს მაშინ, როცა სოფელ ჩორჩანასთან განსხვავებულ ვითარებას ვხედავთ, ექსპერტი ამბობს, რომ ე.წ. ბორდერიზაციის გაჩერება მათთვის დათმობის მინიმუმი იქნება, საქართველოსთვის კი ეს საკითხი ბევრს ნიშნავს.

„ჩვენ ავაგეთ საგუშაგო, ახლა ოსები აგებენ და გასაგებია, რომ მათ უკან დგას რუსეთი, მაგრამ რუსეთი ცდილობს თვითონ აირიდოს პასუხისმგებლობა და წინა ხაზზე გამოუშვას ოსური მხარე. ეს გამოჩნდა მაშინ, როცა იყო კრიზისი - თვითონ იმალებოდნენ. თუ ახლა შეთანხმება მიიღწევა, რომ ე.წ. ბორდერიზაცია შეჩერდეს, ბუნებრივია, ოსური მხარეც გაჩერდება. თუ ამაზე არ წამოვიდა რუსეთი, მაშინ ვიტყვით, რომ მათთან საუბარს აზრი არ აქვს. მგონი ამაზე იქნებოდა იქაც საუბარი, ქართულმა დიპლომატიამ უნდა აუხსნას, რომ თუ მათ უნდათ რაღაც დონეზე შერიგება, „ბორდერიზაცია“ მაინც უნდა შეაჩერონ, ეს იქნება მინიმუმი მათთვის, ჩვენთვის კი ბევრს ნიშნავს,“- აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით კი, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე, გაცვალეს აზრები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო