მამუკა ვასაძე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე - მქონდა თუ არა კადრების განადგურებასთან და დანაშაულთან რაიმე შემხებლობა, ეს სცდება კორექტულობის ნაწილს

მქონდა თუ არა კადრების განადგურებასთან და დანაშაულთან რაიმე შემხებლობა, ეს სცდება კორექტულობის ნაწილს, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს, ოთარ კახიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

ოთარ კახიძე დაინტერესდა, მაშინ, როდესაც მამუკა ვასაძე 2014 წლის იანვარში საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა, რატომ არ დაიწყო გამოძიება ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე, რომ ის საკნიდან გაიყვანეს და ზეწოლა განახორციელეს მასზე ოთარ ფარცხალაძემ და დიმიტრი დარბაისელმა, რაზეც ვასაძემ უპასუხა, რომ მას არ ახსენდება საგამოძიებო ნაწილში კონკრეტული კორესპონდენციის შესვლა.

ამის შემდეგ ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ რომც არ ყოფილიყო ოფიციალური კორესპონდენცია, მოწოდება იყო პირდაპირ საგამოძიებო ნაწილის მისამართით სახალხო დამცველის, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ დაწყებულიყო გამოძიება.

„ამასთან, მედიიდან გავრცელებული მასალაც. შეტყობინება დანაშაულის შესახებ არის გამოძიების საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყავით დაგეწყოთ გამოძიება, ეს გამოძიება არ დაიწყეთ. ახლა არსებობს რაღაც ვარაუდი და ეჭვი, რომ თქვენი მეგობარი და კოლეგა იყო ამ დანაშაულში გარეული და არ დაიწყეთ გამოძიება. რამე სხვა მიზეზი ხომ არ გაქვთ, რატომაც გამოძიება არ დაიწყეთ?“- ჰკითხა კახიძემ ვასაძეს, რაზეც ვასაძემ უპასუხა, რომ მას სხვა მიზეზი არ აქვს.

„როგორც კი ცნობილი გახდა საგამოძიებო დანაყოფისთვის ამის შესახებ, გამოძიება დაიწყო და გამოძიებულ იქნა“, - განაცხადა ვასაძემ.

ამის შემდეგ კახიძემ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გაიხსენა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 2016 წლის ივნისის გადაწყვეტილებით, 8 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა, რომ ამ დანაშაულს ადგილი ჰქონდა, რაზეც თავიდან დაიწყო გამოძიება პროკურატურამ.

თავის მხრივ, ვასაძემ აღნიშნა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე შესწავლილ იქნა ყველა მტკიცებულება, რაც კი შეიძლება თეორიაში შესაძლებელი ყოფილიყო და პრაქტიკაშიც შესაძლებელი იყო მისი მოპოვება, მათ შორის ვიდეოჩანაწერებიც, შესაბამის ტრაექტორიაში რასაც ასახელებდნენ. „გამოიკითხა შემხებლობაში მყოფი ყველა პირი. შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ხსენებულ საქმეზე დანაშაულის ნიშნები ვერ დადგინდა. როდის მივიღეთ ეს გადაწყვეტილება თარიღის გახსენება არ შემიძლია“, - განაცხადა ვასაძემ.

„სასამართლო დიდი პალატის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ თქვენ არ ამოიღეთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები და სასამართლოს განუცხადეთ, რომ წაშლილი იყო ეს ჩანაწერები, მტკიცებულება პრაქტიკულად განადგურდა, ამბობს სასამართლო. გამოძიების ფარგლებში ოთარ ფარცხალაძისთვის პასუხისმგებლობის ასარიდებლად თქვენ რაიმე შემხებლობა გქონდათ ამ კადრების განადგურებასთან?“ - ჰკითხა კახიძემ ვასაძეს.

„მქონდა თუ არა კადრების განადგურებასთან და დანაშაულთან რაიმე შემხებლობა, ეს სცდება კორექტულობის ნაწილს. ყველა ვიდეომტკიცებულება, რომელიც შეიძლებოდა ამოღებულიყო, ამოღებულია ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გენერალური ინსპექცია იკვლევდა ამ საკითხს და ამ ქმედებას. გადაადგილების მარშრუტის ჩანაწერებს რაც შეეხება, ეს ვიდეოჩანაწერები არ არის განუსაზღვრელი ვადით და მუდმივად, რაღაც კონკრეტული ვადები აქვს. ჩანაწერები, რაც სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება იმ გადაადგილების ტრაექტორიაში, რაც განმცხადებელმა განაცხადა, ამოღებულია და ექსპერტიზაც ჩატარებულია. თუმცა, ვერ იქნა საეჭვო გარემოება გამოვლენილი და ვერ დადგინდა განცხადების მართებულობა, რასაც განმცხადებელი აცხადებდა“, - განაცხადა ვასაძემ.

ამასთან, ვასაძემ აღნიშნა, რომ პროცესში ამოცნობის მოქმედება არ ჩატარდა იმის გამო, რომ მერაბიშვილი ამომცნობი პირის კონკრეტულ ნიშნებს ვერ მიუთითებდა, რასაც კახიძე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მას შეეძლო ფარცხალაძის ამოცნობა, თუმცა ეს მოქმედება არ ჩატარებულა და ვასაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„გარდა იმისა, რომ ხელის დაფარებას ჰქონდეს ადგილი, კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, გამოძიება რამდენად ხარისხიანად აწარმოეთ. გარდა ამისა, თქვენ იმ მტკიცებულებით, რომელიც სასამართლოს წარუდგინეთ დაადასტურეთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებასაც და ადგილს შორის, სადაც ოთარ ფარცხალაძე იმყოფებოდა მანძილი რამდენიმე ასეული მეტრი იყო“, - განაცხადა კახიძემ და დასძინა, რომ ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ვანო მერაბიშვილი დაზარალებულად დღემდე არ არის ცნობილი.

„გამოძიებას სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით აწარმოებს სხვა დანაყოფი. შესაბამისად, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. რაც შეეხება თქვენს მიერ ჩამოთვლილ მტკიცებულებებს, მე ამის ჩამოთვლა ფიზიკურად არ შემიძლია“, - განაცხადა ვასაძემ.

„ჯერ გამოძიება არ დაიწყეთ 2014 წლის იანვარში, შემდეგ წაიშალა მტკიცებულებები, რომელიც ამას ადასტურებდა; სტრასბურგმა როდესაც გაამტყუნა სახელმწიფო და თქვა, რომ ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის გაყვანას საკნიდან ფარცხალაძის ფიგურანტობით, იძულებული გახდით გამოძიება დაგეწყოთ. დღემდე არ გყავთ ფიგურანტი დაზარალებულად ცნობილი. ამის შემდეგ რა შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ, როგორც პარლამენტის დეპუტატებმა, გნებავთ ოპოზიციიდან, გნებავთ უმრავლესობიდან, რომ თქვენ მართლა მიუკერძოებლად იცავდით კანონს და ამოწმებდით ყველა მტკიცებულებას, თუ თქვენი მეგობრის ოთარ ფარცხალაძის დაცვით იყავით დაკავებული პროკურატურაში“, - განაცხადა კახიძემ, რაზეც ვასაძემ უპასუხა, რომ „რა შეიძლება იფიქროთ ამაზე მე მითითებას ვერ მოგცემთ, თქვენი შეფასების კრიტერიუმები გაქვთ და ამაზე ვერავინ მიგითითებთ“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს